კალათბურთი

2:06 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი “ოლიმპიაკოსს” სარგებლიანად დაუბრუნდა

ქართველმა ცენტრმა 12 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა


გიორგი შერმადინმა პირეოსის “ოლიმპიაკოსში” დაბრუნების შემდეგ გუნდის მაისური (ხუთნომრიანი) პირველად მოირგო. ქართველმა ცენტრმა ევროლიგაში მილანის “ემპორიო არმანის” წინააღმდეგ ითამაშა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

იტალიურ კლუბთან საშინაო შეხვედრაში შერმადინი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:52 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) მიითვალა. გიორგიმ 2-ვე ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

მოკლედ, იმ არცთუ დიდ დროში, რაც “ოლიმპიაკოსის” მთავარმა მწვრთნელმა გეორგიოს ბარცოკასმა დაუთმო, შერმადინმა თითქმის მაქსიმუმი “გამოსწურა”.

დასანანი ის გახლავთ, რომ პირეოსულმა კლუბმა საკმაოდ მნიშვნელოვან მატჩში მარცხი (86:88) განიცადა და ეს კლუბისთვის, ევროლიგის მე-2 ეტაპზე მიჯრით მე-3 წაგება იყო.

პირეოსელებმა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყეს და 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა, ჩინებულ ფორმაში მყოფმა “ემპორიო არმანიმ” თამაშში გარდატეხის შეტანა შესძლო და უშუალო კონკურენტს სატურნირო ცხრილშიც გადაუსწრო.

გასულ შეხვედრაში ბერძნულ გრანდს 22 ქულით სტრატოს პერპეროღლუმ ულიდერა. გამოსარჩევია გეორგიოს პრინტეზისის გარჯაც, რომელსაც ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა – 16 ქულა, 9 მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ “ოლიმპიაკოსის” კალათბურთელებმა ერთბაშად 36 საჯარიმო ტყორცნა განახორციელეს, საიდანაც 29 ჩააგდეს, მილანელების ძირითადი კოზირი კი შორეული სროლები იყო. სტუმრებმა 24-დან 12 სამქულიანი ჩააგდეს, რამაც თამაშის ბედი გადწყვიტა.

“ემპორიო არმანის” ერთ-ერთმა ლიდერმა კეიტ ლენგფორდმა 20 ქულას 5 მოხსნა და 8 პასი წაამატა, მეტოქეებს კი თამაშის წესების დარღვევა 7-ჯერ აიძულა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, ის ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

“ოლიმპიაკოსმა” 4 მოგების წილ მე-5 მარცხი განიცადა და E ჯგუფში მე-6 ადგილამდე დაქვეითდა (მეოთხედფინალში გასასვლელად მოწინავე კვარტეტში დამკვიდრებაა საჭირო), “ემპორიო არმანიმ” კი 6 გამარჯვებით მე-2 პოზიცია გაიმყარა.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგის (9 მოგება) მქონე “ბარსელონამ” სტამბულის “ფენერბაჰჩე” 93:73 გაანადგურა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა კი 13:20 წუთში კატალონიელებს 12 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

დღეს, E ჯგუფში ათენის “პანათინაიკოსი” ვიტორიის “ლაბორალ კუტხას” მიიღებს, ხოლო მალაგას “უნიკახა” სტამბულის “ანადოლუ ეფესს” დაუხვდება. რაც შეეხება შერმადინის “ოლიმპიაკოსს”, ეს გუნდი მომდევნო მატჩს 14 მარტს სტუმრად “ბარსელონასთან” ჩაატარებს.

 

ოლიმპიაკოსი - ემპორიო არმანი 86:88

ბარსელონა - ფენერბაჰჩე 93:73

 

1.    ბარსელონა 9      9      0      729:640
2. ემპორიო არმანი 9 6 3 676:646
3. უნიკახა 8 4 4 603:608
4. პანათინაიკოსი      8 4 4 563:551
5. ოლიმპიაკოსი 9 4 5 680:661
6. ფენერბაჰჩე 9 4 5 712:716
7. ანადოლუ ეფესი        8 2 6 541:600
8. ლაბორალ კუტხა 8 1 7 572:654

 

დღეს

პანათინაიკოსი - ლაბორალ კუტხა

უნიკახა - ანადოლუ ეფესი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135231