საერთაშორისო არენაზე ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის დაბრუნება კიდევ მინიმუმ ორი კვირით გადაიდო. 21 წლის ძიუდოისტმა ოლიმპიადის შემდეგ საზარდულის თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიში დაახლოებით ერთი თვის წინ განაახლა. ნაკრებთან ერთად ბოლო თბილისურ შეკრებაშიც ჩაერთო, მაგრამ შეკრების მიწურულს ისევ დაშავდა.
“ვარჯიშისას მუხლი ვიტკინე. ტრავმის პირველადი დათვალიერების შემდეგ ექიმებმა ოპერაციის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი, მაგრამ საბედნიეროდ, ამას გადავურჩი და უკვე დარბაზსაც დავუბრუნდი, მაგრამ პარიზის ტურნირზე ვეღარ მივდივარ. არადა ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე აქამდე არასოდეს მიჭიდავია და დებიუტისთვის დიდი მონდომებით ვემზადებოდი. სეზონს სავარაუდოდ დიუსელდორფის “დიდი პრიზით” (23-24 თებერვალი) გავხსნი”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ლაშა შავდათუაშვილმა.







