ჩოგბურთი

18:00 | 19.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა: “ვარჯიშის დროს, რამდენიმე ჩოგანი შემომატყდა”

ავსტრალიის ღია პირველობაზე ზედიზედ მეორედ გამარჯვების შემდეგ, რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ დამტვრეული ჩოგნების, მწერებისადმი შიშსა და ბევრი სხვა თემის შესახებ ისაუბრა.

- როგორ გრძნობთ ამჟამად თავს კორტზე?
- იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული პერიოდი საშეჯიბრო პრაქტიკა არ მქონია, კარგად.
- ესე იგი, გირჩევნიათ, ტურნირი სერიოზული სათამაშო პრაქტიკის გარეშე დაიწყოთ?
- დიახ. უკვე დიდი ხანია, რაც ტურში ვიმყოფები. კარიერის განმავლობაში, მრავალი მატჩი ჩავატარე და ბევრ სხვადასხვა სახის ტურნირში მივიღე მონაწილეობა. მე არასოდეს მივეკუთვნებოდი სპორტსმენთა იმ კატეგორიას, რომლებიც ქულების გულისათვის ასპარეზობენ. ახლა ჩემი მიზანი, დიდი სლემის ტურნირებისათვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნაა.
- დროში არსებულ სხვაობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ შეყვარებულთან  - საშა ვუიაჩიჩთან საუბარს ვერ ახერხებთ?
- ჩვენ დღეში ორჯერ ვუკავშირდებით ერთმანეთს – დღისით და ღამით.
- როგორ ახერხებთ ამას?
- მარტივად. როცა ვიღვიძებ, საშასთან საღამოა. ხოლო, როდესაც დასაძინებლად მივდივარ, მასთან დილაა. ასე, რომ ურთიერთობასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს.
- ცოტა ხნის წინათ მარკოს ბაღდატისმა ასპარეზობისას ჩოგანი გატეხა. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- არაფერი მსმენია, თუმცა არ მიკვირს, რომ ასე მოიქცა. პირადად მე, ვერ ვიტყვი, რომ კარიერის მანძილზე დიდი რაოდენობით ჩოგანი მაქვს გატეხილი. გარდა ამისა, არ მახსენდება, რომ ეს რომელიმე მატჩის დროს გამეკეთებინოს. ვარჯიშის დროს კი, რამდენიმე შემომატყდა. სინამდვილეში ჩოგნის დამტვრევა ძალიან სასიამოვნოა, რადგან განმუხტვაში გეხმარება.
- სერენა უილიამსმა აღნიშნა, რომ ხოჭოების ეშინია, რომლებიც ცენტრალური კორტის ახლოს მრავლად არიან. თქვენ თუ გეშინიათ მწერების ან რაიმე სხვის?
- მე არ ვიცი და თქვენ? თქვენ ნამდვილად ჰგავხართ ადამიანს, რომელსაც მწერების ეშინია.
- ანუ მსგავსი ფობიები არ გაქვთ?
- ობობები არ მიყვარს. საბედნიეროდ, ისინი ცენტრალური კორტის სიახლოვეს არ არიან, ასე, რომ ყველაფერი წესრიგშია.
- რა გაძლევთ ამჟამად სტიმულს კარიერაში? დიდი სლემის ტურნირები?
- მიმდინარე წელიწადი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან საშუალება მაქვს ჩემი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე წარვადგინო. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაშინ ჩოგბურთი რუსეთში ასე განვითარებული არ იყო. ამიტომ ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ქვეყნის წარდგენა ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა, განსაკუთრებით კი ზამთრის ოლიმპიადაზე. დროთა განმავლობაში ცვლილებები მოხდა და ჩოგბურთი კვლავ პოპულარული გახდა. ძალიან გულნატკენი ვიყავი, როდესაც პეკინის ოლიმპიური თამაშები გამოვტოვე. მიმდინარე სეზონი ბალახის საფარზე საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, რაც ძალიან მახარებს.
- საკუთარი შესაძლებლობების, შერეულ წყვილებში მოსინჯვის სურვილი არ გაქვთ?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოსკოვში ყოფნისას განვიხილავთ.
- მეწყვილედ ვის ისურვებდით?
- თუ სწორად მახსოვს, ჩემი ერთადერთი მეწყვილე, ხსენებულ კომბინაციაში მაკს მირნი იყო. შემიძლია ვიამაყო იმით, რომ ერთობლივი ძალებით კარა ბლეკსა და მის ძმას მოვუგეთ. თუმცა ევგენი კაფელნიკოვთან ერთადაც ვიასპარეზე ჰონკონგში. სამწუხაროდ, ჩვენმა წყვილმა კრახი განიცადა.
- ცოტა ხნის წინათ WTA-ში მოასპარეზე თაობებს შევეხეთ. თქვენ თუ გყავდათ ვინმე დამრიგებელი, როდესაც დიდ ჩოგბურთში შემოდგით ფეხი?
- მიმაჩნია, რომ დამრიგებლის როლი ჩემს ცხოვრებაში მერი-ჯო ფერნანდესმა შეასრულა. იმ დროისათვის ეს პროგრამის ნაწილი იყო, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ერთი-ორჯერ შევხვდით. შეიძლება ითქვას, რომ ვიეშმაკეთ.
- რას გულისხმობთ?
- უბრალოდ, ფორმების შევსება იყო საჭირო. რაც შეეხება მერის, მე მას ბავშვობიდან ვიცნობ. დიახ, ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც 14, 15 ან 16 წლის ხარ და პროფესიონალურ ჩოგბურთში გადასასვლელად ემზადები. თუმცა, მე იმ დროისათვის უკვე ტურში ვიყავი.
- რომელიმე უფროს ჩოგბურთელთან სპარინგს თუ აუმაღლებია თქვენი თავდაჯერებულობა?
- ბავშვობაში, მონიკა სელეშთან თამაშის ბედნიერება მქონდა. მონიკა ჩემი კერპი იყო, რადგან მისი ბრძოლისუნარიანობა მხიბლავდა. ერთხელ კი, ლინდსი დევენპორტთან ერთად ვივარჯიშე. ეს საოცარი იყო.  
- მათ პროფესიონალური ჩოგბურთის შესახებ ესაუბრეთ?
- არა. ვერ ვიტყოდი, რომ ჩოგბურთს ბევრჯერ შევეხეთ. ძირითადად სხვა თემებზე ვსაუბრობდით.

მოამზადა რუსუდან ჭუმბურიძემ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087097