საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის მე-4 ტურში 4 პარტია ყაიმით დასრულდა, მოგებას კი მხოლოდ კონსტანტინე შანავა (2589, მან ჩემპიონატზე პირველად იმარჯვა) და ბაადურ ჯობავამ (2721) გამორჩნენ. შედეგად, ამ უკანასკნელმა, რომელიც ტურნირის უმთავრესი ფავორიტია, 3.5 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.
განვლილი პარტიები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა სუპატაშვილმა მიმოიხილა.
ივერი ჭიღლაძე (2390) – ბაადურ ჯობავა (2721) 0:1
დასაწყისი ჭიღლაძისთვის საკმაოდ კარგად წარიმართა, თუმცა, შუა თამაშში მისი ზედმეტი სიფრთხილე იგრძნობოდა. როდესაც ჯობავა გყავს მეტოქედ, სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ არც ამდენი. ბაადურმა 32-ე სვლაზე საინტერესო ფიგურის შეწირვა განახორციელა, რასაც თან ეტლის შეწირვაც მოჰყვა. თუმცა, ის მალევე იქნა დაბრუნებული და თეთრების მეფეც მიუხედავად მატერიალის სიმცირისა, საკმაოდ დაუცველი აღმოჩნდა. დასასრულს პატარა ტაქტიკური ხერხით, ჯობავამ გამარჯვება იზეიმა.
32...მe3+! 33.f:e3 d:e3 34.მ:e7 ლf2 35.მფh1 ლf1+ 36.მფh2 ლ:e2 გადამწყვეტი შეტევით (იხ. სურათზე)
დავიდ არუთინიანი (2561) – დავით ზარქუა (2446) 0.5:0.5
დებიუტში არუთინიანმა მცირე პოზიციური უპირატესობა მიიღო, რადგან ზარქუას მიერ გათამაშებული სისტემა ეგრეთწოდებულ მეორეხარისხოვან სისტემათა რიგს განეკუთვნება. თუმცა, შემდეგ დავითი პარტიას შემოქმედებითად არ მიუდგა, რამდენიმე შაბლონური სვლის შემდეგ პოზიცია გათანაბრდა და ყაიმიც დაფიქსრიდა.
ირაკლი ბერაძე (2298) – კონსტანტინე შანავა (2589) 0:1
ამ პარტიაში უფიმცევის დაცვა გათამაშდა და როგორც იქნა, შანავამ ამ ტურნირში თავისი ნამდვილი ძალა აჩვენა. მან მთელი პარტიის განმავლობაში, მეტოქის საკმაოდ პასიური თამაში (რაც სხვათა შორის, ბერაძეს არ სჩვევია) შესანიშნავად გამოიყენა და მეთოდურად, პოზიციის მაქსიმალური გაძლიერებით, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.
დავით ლომსაძე (2345) - ლუკა პაიჭაძე (2480) 0.5:0.5
თეთრებმა ძალიან ცუდად გაითამაშეს დასაწყისი და პაიაჭაძეს სადღაც მეათე სვლაზე უპირატესობაც ქონდა, თუმცა, ჩემი აზრით, ლუკამ არაკონკრეტულად ითამაშა და უპირატესობა ნელ-ნელა გაქრა. ბოლოს კი, მუდმივი ქიშით, პაიჭაძე ყაიმის გაკეთება მოუწია.
გიგა ყუფარაძე (2471) – მერაბ გაგუნაშვილი (2570) 0.5:0.5
პარტია ძალიან უინტერესო გამოდგა. შავებმა ფილიდორის დაცვა გაითამაშეს, რომელიც დასაწყისშივე სივრცობრივ უპირატესობას თეთრებს აძლევს. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ პარტიაშიც ყუფარაძემ ზომაზე მეტად სწრაფად თამაშობდა, პოზიციას არ ჩაუღრმავდა და შავებმაც იოლად შეძლეს გათანაბრება. ყაიმიც ლოგიკური დასასრული გამოდგა.
ლევან ფანცულაია (2581) – ზურაბ ჯავახაძე (2418) 0.5:0.5
ეს პარტია ძალიან საინტერესო იყო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ფანცულაია თავის თამაშს ჯერჯერობით მაინც ვერ გვაჩვენებს. თეთრებს თავიდან პოზიციური უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა შუა თამაშში უზუსტობა დაუშვეს და ინიციატივა ხელთ შავებმა იგდეს, რაც პაიკის მოგებაში გამოიხატა. თეთრებს ქონდათ გარკვეული კომპენსაცია, მაგრამ შავების ზუსტი თამაშის შემთხვევაში, დამარცხება არ ასცდებოდათ. თუმცა, ჯავახაძეს სიზუსტემ უმტყუნა, მეტოქის კონტრშანსები გამორჩა და ცაიტნოტში მუდმივი ქიშით ყაიმის გაკეთება თავად მოუწია. აღნიშნული აშკარად მეტყველებს ამ უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მოჭადრაკის ცოტა ზედმეტ ემოციურობაზე, რაზეც მან აუცილებლად უნდა იმუშაოს.
საქართველოს ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. მეოთხე ტური
დავიდ არუთინიანი (2561) – დავით ზარქუა (2446) 0.5:0.5
ირაკლი ბერაძე (2298) – კონსტანტინე შანავა (2589) 0:1
ივერი ჭიღლაძე (2390) – ბაადურ ჯობავა (2721) 0:1
დავით ლომსაძე (2345) - ლუკა პაიჭაძე (2480) 0.5:0.5
გიგა ყუფარაძე (2471) – მერაბ გაგუნაშვილი (2570) 0.5:0.5
ლევან ფანცულაია (2581) – ზურაბ ჯავახაძე (2418) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯობავა – 3.5
2. პაიჭაძე – 3.0
3-4. ჯავახაძე, გაგუნაშვილი – 2.5
5-8. ზარქუა, ყუფარაძე, ლომსაძე, არუთინიანი – 2.0
9-11. ფანცულაია, ბერაძე, შანავა – 1.5
12. ჭიღლაძე – 0
მეხუთე ტური
ზურაბ ჯავახაძე (2418) – დავიდ არუთინიანი (2561)
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – ლევან ფანცულაია (2581)
ლუკა პაიჭაძე (2480) – გიგა ყუფარაძე (2471)
ბაადურ ჯობავა (2721) – დავით ლომსაძე (2345)
კონსტანტინე შანავა (2589) – ივერი ჭიღლაძე (2390)
დავით ზარქუა (2446) – ირაკლი ბერაძე (2298)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 14 ათასი ლარია, საიდანაც გამარჯვებული 4 500 ლარს მიიღებს და ოლიმპიური ნაკრების წევრადაც დასახელდება, პირველ-მეორე ადგილოსნები კი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან.
P.S. ვაჟთა ჩემპიონატის პარალელურად, ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ბათუმში გასამართი ბლიცსა და რაპიდში მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ტურნირის საგზურები სოფო გვეტაძეს, მაკა ფურცელაძესა და მირანდა მიქაძეს ერგოთ, რომელთაც 5-5 ქულა მოაგროვეს და ინგა ჭარხალაშვილსა და ნათია ჯანჯღავას დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს.







