საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა (2562) ჩინებულ სეზონს ატარებს. მიმდინარე წლის ივნისში კოკამ სომხეთში კარენ ასრიანის სახელობის მემორიალზე მეორე ადგილი დაიკავა, აგვისტოს დასაწყისში ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეს ტურნირზეც მეორე გახლდათ და გასულ თვეშივე ბერძნულ კორინთიაში ჩემპიონს ასევე მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა. შანავამ ნავსი თურქეთში გატეხა, სადაც ჯერ იზმირის ტურნირზე იმარჯვა, ახლა კი პირველობა სტამბულის საჭადრაკო ფესტივალზეც იზეიმა.
სტამბულის ტურნირზე ქართველ მოჭადრაკეს უკრაინელი ანდრეი სუმეცის (2579) კვალად მეორე რეიტინგი ჰქონდა, თუმცა, უმთავრესი კონკურენტის დაჯაბვნა მოახერხა. საბოლოოდ, კონსტანტინემ ცხრიდან ექვსი პარტია მოიგო, სამი კი ყაიმით დაასრულა. მან კიდევ ერთ უკრაინელ ვალერი ნევეროვის დარად 7.5 ქულა მოაგროვა, თუმცა, მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, საპრიზო ფონდიდან კი 2500 დოლარი ერგო.
500 დოლარით დაჯილდოვდა გიორგი ბაღათუროვი (2468), რომელიც სტამბულის ტურნირზე 6.5 ქულით მეექვსე გახლდათ, ხოლო საქართველოს სახელით მოთამაშე კიდევ ერთი მოჭადრაკე არმენ გრიგორიევი (2282) 6.0 ქულით მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა. სულ ტურნირს ასამდე მონაწილე ჰყავდა.







