ქართველმა მოჭადრაკე კონსტანტინე შანავამ (2539) სომხეთის ქალაქ ჯერმუკში გამართული კარენ ასრიანის სახელობის მემორიალი მეორე ადგილზე დაასრულა, რისთვისაც საპრიზო ფონდიდან ორი ათასი დოლარი მიიღო.
9 ტურად გამართული შეჯიბრის დასკვნით ტურში, შანავა თეთრი ფიგურებით მასპინძელ რობერტ ოვანესიანს (2553) დაუზავდა და კიდევ ოთხი მოჭადრაკის დარად, 6.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეორე პოზიცია ერგო და ჩემპიონ ტიგრან კონტანჯიანს (2517) ნახევარი ქულით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ შანავამ ხუთი პარტია მოიგო, სამი ფრედ დაასრულა, ერთადერთი მარცხი კი სწორედ კოტანჯიანთან განიცადა.
მოწინაველთა შორის მოხვედრის კარგი შანსი ჰქონდა დავით მაღალაშვილსაც (2469), თუმცა, მან ბოლო პარტია რუს მიხაილ ულიბინთან (2532) დათმო და 5.5 ქულით მეთხუთმეტე ადგილს დასჯერდა, რისთვისაც ორასი დოლარი ერგო.
ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულა შოთა აზალაძემ (2423), რომელმაც მემორიალი 16 წლის ყაზახი გოგონას – დინარა სადუაკასოვას (2207) ძლევითა და 6.0 ქულით დაასრულა. იგი 500 დოლარით დაჯილდოვდა.
ცნობისთვის, ეს უკანასკნელი, ქალთა ტურნირის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახლდათ, მაგრამ აღნიშნულმა მარცხმა პირველობის შანსი დააკარგვინა. ქალბატონებში 5.5 ქულით რუსმა ირინა ტუროვამ (2442) იპირველა, რომელსაც ნახევარი ქულით მარია კურსოვა (რუსეთი, 2308), ხსენებული სადუაკასოვა და ქართველი ნინო ბაციაშვილი (2339) ჩამორჩნენ.
დასასრულ, კიდევ ორ ქართველ მონაწილეზე. ბაჩანა მორჩიაშვილმა (2394) 4.0 ქულით 46-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სოფიო გვეტაძე (2330) ასეთივე მონაგარით 48-ე გახლდათ.







