ჯერმუკის საჭადრაკო ტურნირის ლიდერმა კონსტანტინე შანავამ (2539) მეექვსე ტურში სომეხ ჰრაირ სიმონიანთან (2468) ყაიმი თეთრი ფიგურებით გააფორმა და თავი 5.0 ქულას მოუყარა. ახლა, ქართველი მოჭადრაკე პირველ-მეორე ადგილებს კიდევ ერთ მასპინძელ ტიგრან კოტანჯიანთან (2517) იყოფს.
ლიდერებს ქულით ჩამორჩებიან შოთა აზალაძე (2423) და დავით მაღალაშვილი (2469), რომელთაც ერთმანეთში ყაიმი ითამაშეს და შესაბამისად, მეცხრე და მეცამეტე პოზიციებზე იმყოფებიან. 3.5 ქულით საერთო ჩათვლაში – ოცდამეხუთე, ხოლო ქალთა შორის მეორეა ნინო ბაციაშვილი (2399), რომელმაც ირანელი ამირ კოვსარინია (2190) შავი ფიგურებით დაამარცხა.
ასევე 3.5 ქულით ოცდამეშვიდეა ბაჩანა მორჩიაშვილი (2394), ხოლო ქართველთაგან უარესი შედეგი სოფო გვეტაძეს (2330) გააჩნია. იგი 2.5 ქულით ორმოცდამეხუთე საფეხურზე იმყოფება.
ჯერმუკის ტურნირი, რომელიც კარენ ასრიანის სახელობის გახლავთ, შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად მიმდინარეობს, საპრიზო 15 ათასი დოლარიდან კი ჩემპიონი სამი ათასს მიიღებს.
მეშვიდე ტურში ცენტრალური შანავასა და კოტანჯიანის პარტია იქნება, რომელშიც ქართველი თეთრებით ითამაშებს.







