სომხეთის ქალაქ ჯერმუკში მიმდინარე კარენ ასრიანის სახელობის მემორიალმა ეკვატორს გადააბიჭა, ერთპიროვნული ლიდერი კი ქართველი კონსტანტინე შანავა (2539) გახლავთ, რომელმაც მეხუთე ტურში უწინდელ პირველადგილოსან რუს მიხაილ ულიბინს (2532) შავი ფიგურებით სძლია და 4.5 ქულა მოაგროვა.
ხსენებული ულიბინი, სომხები - ნადანიანი (2426), კოტანჯიანი (2517) და სიმონიანი (2468) შანავას ნახევარი ქულით ჩამორჩებიან, შემდეგ კი 11 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომელთა შორის შოთა აზალაძე (2423) და დავით მაღალაშვილიც (2469) იმყოფებიან. მათ 3.5-3.5 ქულა აქვთ და შესაბამისად, მეექვსე და მეათე ადგილებზე იმყოფებიან.
დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 32. ბაჩანა მორჩიაშვილი (2394) – 3.0 ქულა; 33. სოფიო გვეტაძე (2330) – 2.5; 34. ნინო ბაციაშვილი (2399) – 2.5. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა, მეორე ტურში ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ არმან პაშიკიანს (სომხეთი, 2643) მოუგო, მას შემდეგ კი, სამ პარტიაში მხოლოდ ნახევარი ქულა დააგოვა და ლიდერებს ჩამორჩა.
მეექვსე ტურში შანავა სიმონიანს ეთამაშება, მაღალაშვილი – აზალაძეს, მორჩიაშვილი – სომეხ ბაკუნცს (2175), ბაციაშვილი – ირანელ კოუსარინიას (2190), ხოლო გვეტაძე – სომეხ ტამაზიანს (2190).
ჯერმუკის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი თხუთმეტ ათას დოლარს უტოლდება, საიდანაც ჩემპიონი სამ ათასს მიიღებს.







