ქართველმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ (2586) ჩინებულად ითამაშა გერმანიის დეიზისაუში დასრულებულ საჭადრაკო ტურნირზე, რომელშიც საერთო ჯამში 700-მდე მონაწილე ჩაება. უძლიერეს A ჯგუფში, შანავამ 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, თანაც გამარჯვებულს, საფრანგეთის სახელით მოთამაშე ანდრეი ისტრატესკუს (2633) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.
შანავა 16. Int. Neckar-Open-ში მე-10 განთესვით ჩაება და ტურნირი დაუმარცხებლად განვლო. კოკას მონაგარი 6 მოგება და 3 ყაიმია, განსაკუთრებით კი მან თავი ბოლოსწინა მე-8 ტურში გამოიჩინა, როდესაც თეთრი ფიგურებით ერთ-ერთი ფავორიტი – ფრანგი ეტიენ ბაკრო (2706) დაამარცხა.
შანავამ საპრიზო 15 ათასი დოლარიდან 2 ათასი ევრო ერგო, ჩემპიონს კი მთავარი ჯილდო და 3 ათასი გადაეცა. დეიზისაუს საჭადრაკო ტურნირზე კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა. თორნიკე სანიკიძე (2597) ლიდერებს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩა და 7.0 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო დავით ლობჟანიძე (2475) 5.5 ქულით 82-ე იყო. რაც შეეხება გერმანიის სახელით მოთამაშე დავიტ ბარამიძეს (2618), იგი 6.5 ქულით მეოცე გახლდათ.







