გელზენკირხენის “შალკეს” ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერების - კლას-იან ჰუნტელარისა და ბენედიქტ ჰიოვედესის შენარჩუნებას აპირებს.
Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული გუნდის 24 წლის ცენტრალურმა მცველმა ჰიოვედესმა დაცვის ცენტრში დამაჯერებელი თამაშით მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქცია, ხოლო ჰოლანდიის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელის, ჰუნტელარის მიმართ დაინტერესებას ესპანური “მალაგა” იჩენს.
მიუხედავად ამისა, გერმანული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ირწმუნება, რომ გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში ელის თამაში, ლიდერების გაშვებას არ აპირებს.
“რეალთან” და ჰიოვედესთან დაკავშირებული ჭორის შესახებ ჩვენც გავიგეთ, მაგრამ “სამეფო კლუბისგან” არანაირი წინადადება არ მიგვიღია. ესეც რომ არა, ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ჰუნტელარს, არა მგონია, ის “მალაგას” წინადადებამ მოხიბლოს. რა უნდა გააკეთოს ჰუნტელარმა ამ გუნდში? გერმანიაზე უკეთესი იქ მხოლოდ ამინდი თუ იქნება” - თქვა ჰელდტმა.









