ეროვნული ჩემპიონატის მორიგმა ტურმა ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ოლიმპი” და “ზესტაფონი”, მდევრებს კიდევ უფრო დააშორა. როგორც იქნა, ტრადიცია დაარღვია რუსთაველთა ბრაზილიელმა მეგოლე აკინომ. მას სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულის გუნდებთან ჯერ გოლი არ გაეტანა და “ლენტიც გაჭრა”. არადა, დინამოელთა კიპერს რომ არ “ჩასძინებოდა”, აკინო პირდაპირ კუთხურიდან ვერ შეძლებდა თბილისელთა დამწუხრებას. ბოლნისურ პაექრობაზე გაცილებით სანახაობრივი გამოდგა მატჩი ზესტაფონში. იმერეთს მოქმედი ჩემპიონი სტუმრობდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მეტოქეს ტოლი არ დაუდო, მაინც წააგო. ჩემპიონატში პირველად იმარჯვა “ლოკომოტივმა”, რომელმაც მასავით ცხრილის ფსკერს გაშინაურებულ “გაგრას” ცალი გოლით სძლია. ტურში მასპინძელთა უძლეველობის ხაზი გაგრძელდა სამტრედიასა და ზუგდიდშიც. იმერლებმა “სპარტაკს” არ დაუტოვეს შანსი, მეგრელებმა კი - “სიონს”.
ლოკომოტივი – გაგრა 1:0
თბილისელებმა სატურნირო ცხრილში ბოლო ნულიანი “ჩააქვრეს”. ეს ციფრი “ლოკომოტივის” მოგებათა გრაფაში მე-15 ტურამდე “იწონებდა” თავს. ამდენად, “გაგრასთან” გელა სანაიას გაწვრთნილების მოგებას, თავისუფლად შეიძლება ისტორიული ეწოდოს.
შეხვედრის საწყისი 15 წუთი გაგრელთა უპირატესობით წარიმართა. დროის ამ მონაკვეთში სტუმრებს ურეალურესი საგოლე შანსი ოვონიკოკოს დრიბლინგის დასკვნით სტადიაში მიეცათ. მე-7 წუთზე, ნიგერიელის პასით, კობერიძე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაში, მაგრამ თანაგუნდელები ქვილითაიამ იხსნა. “რკინიგზელებმა” ნელ-ნელა გაათანაბრეს თამაში და 27-ე წუთზე უკვე მათ მართებდათ ანგარიშის გახსნა. საჯარიმოდან კაჭახიძის დარტყმული ხარიხას მოხვდა, ხოლო ცოტა ხანში, გონაძის გასწვრივ გადაცემას თანაგუნდელთაგან ვინმე რომ შეხებოდა, თბილისელები დაწინაურდებოდნენ.
ვიდრე “ლოკო” თავისას მაინც მიაღწევდა, თავის გამოჩენა გაგრელთა ფორვარდ გიორგი გაბედავას მე-2 ტაიმის პირველ წუთებზე შეეძლო. მისი მისამართით გაკეთებულ მაღალი ტრაექტორიის გადაცემას, სტუმართა კაპიტანმა დამუშავების გარეშე დაუპირა წინ გამოსული კიპერის თავსზემოთ გადაგდება, მაგრამ ცოტათი მიზანმა უმტყუნა.
72-ე წუთზე კი, ეროვნული ჩემპიონატის ორი აუტსაიდერის შეხვედრის კულმინაციური მომენტი დადგა. ლევან ჩაგელიშვილის თითქმის ორმოცმეტრიანი დრიბლინგის შეჩერება, გაგრელებმა ზედ საკუთარი საჯარიმოს ახლოში შეძლეს. ერეკლე კაჭახიძემ სტანდარტულიდან დარტყმული, მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაგზავნა და ანგარიში გახსნა - 1:0.
როგორც ითქვა, თბილისელთა ახალგაზრდული გუნდისთვის, ეს ჩემპიონატში პირველი მოგებაა. თუ ცხრილში “ლოკომოტივის” სიახლოვეში მყოფი გუნდების ქულათა მარაგს გავითვალისწინებთ, უმაღლესი ლიგიდან გასავარდნთა შორის მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.
მატჩის შემდეგ
კახა კარანაძე (“გაგრას” მთავარი მწვრთნელი): “მატჩის კარგი დასაწყისის შემდეგ, არ ველოდით, თუ “ლოკომოტივთან” წავაგებდით. ასეთ შედეგი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ”.
გელა სანაია (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “ეს მოგება, როგორც სატურნირო, ისე ფსი¬ქოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ-თვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ორმაგად სასიხარულოა, რომ დამსახურებულად მოვიგეთ. იმედი მაქვს, პროგრესს გავაგრძელებთ. აშკარად, უფრო მეტი შეგვიძლია და თუ ფორტუნაც გადმოგვხედავს, ქულებს შემდეგ თამაშებშიც ავიღებთ”.
ზესტაფონი - ვიტ ჯორჯია 2:1
ზესტაფონში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ძლევამოსილი სვლა შეჩერდა. “ვიტ ჯორჯიაში”, ჩემპიონატის შეხვედრებში მერაბ კოჭლაშვილის წლეულს მწვრთნელობისას, თბილისელებს არ წაუგიათ. ასეც რომ არ ყოფილიყო, “ვეტერინარებს” ამასწინანდელი სათასო მარცხისთვის (0:3) რევანშის აღება სურდათ. სიმართლე უნდა ითქვას, სტუმრები მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ - მეტიც, იყო დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთები, როცა ჩემპიონი მასპინძლებს სჯაბნიდა. თუმცა, მოგეხსენებათ, ფეხბურთში ის იგებს, ვისაც მეტი გოლი გააქვს.
როგორც ზესტაფონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მატჩის საწყის წუთებში მასპინძლებმა “ვეტერინართა” კართან შტურმი მოაწყვეს, რამაც შედეგი უკვე მე-4 წუთზე მოიტანა. ზაალ ელიავას კუთხურიდან ჩაწოდებული, სტუმართა მცველებმა საჯარიმოს ხაზამდე გამოიტანეს, სადაც ყველას ლევან კორღალიძემ დაასწრო და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ტაიმი მთლიანობაში ხისტ ბრძოლასა და ორმხრივ შეტევებში მიილია.
სტუმრებმა შესვენების განახლებიდან ხუთიოდე წუთში შეძლეს საპასუხო გოლის გატანა. სტანდარტული სიტუაციიდან იმერელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი დავით ლომაიამ დაჰკრა. “ზესტაფონის” კიპერმა როინ კვასხვაძემ მისი მოგერიება კი შეძლო, მაგრამ ბურთს ოპონენტ კოლეგებზე ადრე, “ვეტერინართა” კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა, ალექსანდრე კვახაძემ მიუსწრო - 1:1.
ამის შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და მეტოქის ნახევარზე შეტევების “ქარ-ცეცხლი დაატრიალეს”. თუმცა, არც ისე უნდა გავიგოთ, სტუმრები უქმად იყვნენ და იმას ელოდნენ, როდის აისახებოდა “ზესტაფონის” უპირატესობა კიდევ ერთ გოლში. როინ კვასხვაძეს თავის რამდენჯერმე გამოჩენა მოუწია, რამაც იმერელთა საბოლოო წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ზესტაფონელთათვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა კუთხური, რომელიც 84-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა. ბურთს მეტოქის მცველებზე ადრე გიორგი ხიდეშელი შესწვდა და იგი მეკარის საჯარიმოში თავით ჩამოაგდო - იქ კი, მურთაზ დაუშვილმა ეფექტურ ნახტომში შეძლო დასწრებაზე თამაში და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
შეხვედრის ბოლო წუთებზე, “ვეტერინართა” რიგებში ბოლო ორ მატჩში 3 გოლის გამტან ლექსო კვახაძეს ნერვებმა უმტყუნა. ნიკა გელაშვილთან ვარდნაში თამაშისას, არბიტრმა თბილისელთა კაპიტნის თამაშში წესის დარღვევა შენიშნა და ხელი ჯიბისკენ ყვითელი ბარათის ამოსაღებად წაიღო. მცველი ბუნებრივია წინააღმდეგი იყო - არ მეკუთვნისო და სილაგავას კამათი გაუმართა. როცა არბიტრმა ბარათი მაღლა აღმართა, ერთადერთი რაც თვითმხილველებმა დაინახეს, მსაჯის მისამართით შეფურთხება იყო. როგორც ასეთ შემთხვევაში თავმოყვარე არბიტრებს შეშვენით, ლაშა სილაგავამ კვახაძეს იმწამს წითელიც უჩვენა და გასახდელისკენ მიუთითა.
მსაჯს, ამ მომენტიდან ორ წუთში, დაახლოებით იგივე დარღვევისთვის მოუწია ყვითელი ბარათის გიორგი ვასაძისთვის ჩვენება. უბრალოდ, ამ უკანასკნელს იგი ერთხელ უკვე მიღებული ჰქონდა და “ავტომატურად” გაწითლდა კიდეც. ნამატჩევს “ვიტელთა” ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ არბიტრმა მათი ფეხბურთელები ასე მკაცრად იმიტომ დასაჯა, მათ რუსთავის “ოლიმპთან” მორიგი ტურის შეხვედრა გამოეტოვებინათ.
მატჩის შემდეგ
მერაბ კოჭლაშვილი (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “მეტოქემ ძალიან დაძაბულ თამაშში მოგვიგო, მაგრამ ჩემი აზრით, მას ძალიან სერიოზულად ვაჯობეთ. ბიჭებზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ჩვენ ასე თუ ვითამაშეთ, ისევ ჩემპიონები გავხდებით. უბრალოდ, ძნელია სულ ასეთი დატვირთვით თამაში”.
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონში 5 დღე წვიმდა, მინდორმა ორივე გუნდს საშუალება მოგვცა ლამაზი ფეხბურთი გვეჩვენებინა. თავიდანვე ინიციატივას დავეუფლეთ და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ “ვიტ ჯორჯია” გვჯობდა. სწორედ ამის გამო, მეტოქემ გაგვითანაბრა, თუმცა, მატჩის დასკვნითი ნაწილი ისევ ჩვენი უპირატესობით წარიმართა. განხორციელებულ ცვლილებებს თამაშში ჩვენს სასარგებლოდ გარდატეხა მოჰყვა და მოხარული ვარ, რომ გამარჯვების გოლის გატანა შევძელით”.
სამტრედია – სპარტაკი 2:1
სამტრედიელები ყველას აკვირვებენ. გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კი არა, ფავორიტებში გარევასაც არ თაკილობს. კი მართალია, იმერლები უპირატესად საშინაო პაექრობებში უჩვენებენ მომგებიან თამაშს, მაგრამ ესეც ხომ საქმეა.
მესიაჩენკო-ანჯაფარიძის სამწვრთნელო დუეტის მორიგი მსხვერპლი ცხინვალელები გახდნენ, რომლებსაც იმერლებმა პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვეს. საამისოდ მათ ტაიმების დაწყებიდან თითქმის იგივე დროს გატანილი თითო გოლი ეყოთ. სტუმრებს რაც შეეხებათ, მათ ბოლოსკენ ქულის გადარჩენის შანსი კი მიეცათ, მაგრამ “სამტრედია” ირაკლი შენგელიამ გადაარჩინა.
მატჩის შემდეგ
ლევან ანჯაფარიძე (“სამტრედიას” მწვრთნელი): “გუნდის ყველა წევრმა აჩვენა ის, რაც შეუძლიათ. ჩვენთვის ეს პრინციპული მნიშვნელობის მატჩი იყო - წარმატების შემთხვევაში, მეტოქეს ცხრილში გადავასწრებდით. მოხარული ვარ, რომ ცხინვალელთა დამარცხება, რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად შევძელით”.
ბაია – სიონი 2:0
თემურ მახარაძის “ოლიმპში” დაწინაურების შემდეგ, ბოლნისელთა სატურნირო საქმე ცუდადაა. “სიონს” ზედიზედ 3 საჩემპიონატო შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გატანილი და ქვემოქართლელებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს. გიორგი ყიფშიძის დარიგებულებმა, გოლი ვერც ზუგდიდში გაიტანეს და მიჯრით წაგებულ შეხვედრათა რიცხვი 4-მდე გაზარდეს.
არადა, თითქოს მასპინძლებზე ხელი საკადრო პრობლემებს უნდა დაეტყოთ. თითქოს დისკვალიფიკაციის გამო დასჯილი ექონია და ჯიქია არ იყო საკმარისი ბესიკ შეროზიასთვის, “ბაიას” ლაზარეთს ახალგაზრდული ნაკრებიდან დათხოვილი ნიკა ძალამიძეც დაემატა. აღმოჩნდა, რომ ზუგდიდელთა რეზერვი იმისთვის მაინცაა საკმარისი, ცხრილის ფსკერისკენ დაშვებული “სიონი” უშანსოდ დაეტოვებინათ.
მატჩში გატანილი გოლებიდან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი როინ ონიანის “ნახელავია”. აუტის ხაზთან ახლოში მყოფმა “ბაიას” ვეტერანმა, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით გაგზავნა ბურთი მინდია ბობღიაშვილის კარისკენ. მან ჯერ ხარიხის სიახლოვეში მარჯვენა ძელი “მოინახულა”, იქედან არეკლილი კი მეორე ძელთან შეხების შემდეგ გაეხვა ბადეში. თუ მედია-კომპანია “კოლხიდა” ამ მატჩს იღებდა, უეჭველია, მას ფართო აუდიტორიაც იხილავს და ტურის საუკეთესოთა შორის გაერევა და ალბათ, ჩემპიონატის საუკეთესოობაზეც ექნება პრეტენზია.
მატჩის შემდეგ
ბესიკ შეროზია (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “შეხვედრა ჩვენი სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. კმაყოფილი ვარ ბიჭების გარჯით, იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზული დანაკლისით გავედით სათამაშოდ. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა შევსებამ გაამართლა. გუნდს აშკარად ეტყობა - ხვალ ეს გუნდი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.
| № | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
| 1 | ოლიმპი | 15 | 11 | 3 | 1 | 37-10 | 36 |
| 2 | ზესტაფონი | 15 | 10 | 4 | 1 | 26-10 | 34 |
| 3 | ვიტ ჯორჯია | 15 | 8 | 5 | 2 | 23-15 | 29 |
| 4 | დინამო | 15 | 6 | 5 | 4 | 23-11 | 23 |
| 5 | სამტრედია | 15 | 6 | 2 | 7 | 22-31 | 20 |
| 6 | ცხინვალი | 15 | 5 | 4 | 6 | 19-24 | 19 |
| 7 | სიონი | 15 | 3 | 5 | 7 | 10-23 | 14 |
| 8 | ბაია | 15 | 3 | 3 | 9 | 14-23 | 12 |
| 9 | გაგრა | 15 | 3 | 3 | 9 | 15-26 | 12 |
| 10 | ლოკომოტივი | 15 | 1 | 4 | 10 | 5-21 | 7 |
შენიშვნა - პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეარ-ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
ბომბარდირები
აკინო (ოლიმპი) - 15 (6 პენალტით), ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) - 10 (1), ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი) - 10 (1), გიორგი გაბედავა (გაგრა) - 8.
თბილისი. 22 ნოემბერი, სტადიონი “მიხეილ მესხი”.
ლოკომოტივი (თბილისი) - გაგრა 1:0 (0:0)
ლოკომოტივი: ქვილითაია, გუშარაშვილი, ხატიაშვილი, სარალიძე, ლევან ჩაგელიშვილი, წულაძე, ბოჭორმელი (83, ბორის მახარაძე), ალექსანდრე შენგელია, კაჭახიძე (90, დავით ჩაგელიშვილი), გონაძე (88, აფხაზავა), ქებაძე.
გაგრა: ნადირაშვილი, კუპრეიშვილი, გიგაური, ჭაავა, თოთაძე, ვალტერ ხორგუაშვილი, პავლე ხორგუაშვილი, ოვონიკოკო, კობერიძე (66, თუხარელი), პავლიაშვილი (53, გოგიჩაიშვილი), გაბედავა.
გაფრთხილებები: ვალტერ ხორგუაშვილი (31), გონაძე (36).
გოლები: 1:0 კაჭახიძე (72).
არბიტრი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი).
ზესტაფონი. 22 ნოემბერი, სტადიონი “ცენტრალური”.
ზესტაფონი - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:1 (1:0)
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, ლობჟანიძე, გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი, ძარია (61, ნიკა კვასხვაძე), ლევან კორღალიძე (46, ბენაშვილი), გრიგალაშვილი, გელაშვილი, დვალი (90, ცხადაია).
ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე, ადამაძე (58, მგელაძე), ალექსანდრე კვახაძე, დავით ლომაია, ხურცილავა, რაზმაძე, გიორგი დათუნაიშვილი, კახელიშვილი, ვასაძე, ლიპარტია, კვარაცხელია (79, მელქაძე).
გაფრთხილებები: კვარაცხელია (5), გიორგი ონიანი (29), ვასაძე (49), ალექსანდრე კვახაძე (88), ლობჟანიძე (90).
გაძევება: ალექსანდრე კვახაძე (88), ვასაძე (90).
გოლები: 1:0 ლევან კორღალიძე (4), 1:1 ალექსანდრე კვახაძე (50), 2:1 დაუშვილი (84).
არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი).
სამტრედია. 22 ნოემბერი, სტადიონი “ეროსი მანჯგალაძე”.
სამტრედია - სპარტაკი (ცხინვალი) 2:1 (1:0)
სამტრედია: ირაკლი შენგელია, გოგია, კვესეიშვილი, ქორიძე, კირთაძე, ლაშა ვაშაკიძე, ტყემალაძე, ჩომახიძე (46, ზაურ ხაჭიპერაძე), შალვა ფირცხალავა, ეცადეიშვილი (65, ნინუა), ბაკარანძე (81, ბესიკ ხაჭიპერაძე).
სპარტაკი: ბათიაშვილი, პავლე დათუნაიშვილი, ბოიომო, აქვსენტი გილაური, ლაშა დეკანოსიძე, კბილცეცხლაშვილი (35, კლოვისი), ცხადაძე, შალამბერიძე, შონია, მანწკავა (75, ივანე კანდელაკი), მაისურაძე (80, გიორგი იაშვილი).
გაფრთხილებები: ტყემალაძე (42), ვაშაკიძე (45), დეკანოსიძე (90).
გოლები: 1:0 ქორიძე (26), 2:0 ზაურ ხაჭიპერაძე (70), 2:1 პავლე დათუნაიშვილი (85).
არბიტრი: მამუკა ურუშაძე (ლანჩხუთი).
ზუგდიდი. 22 ნოემბერი, სტადიონი “გულია თუთბერიძე”.
ბაია (ზუგდიდი) - სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)
ბაია: მაქაცარია, აქუბარდია, სვირავა, კვეკვესკირი, ლუნგუ (75, სიხარულია), ეხვაია (80, დავით კუტალია), ვართაგავა, გუგუჩია, გუჩუა, გიორგი ქირია (80, დავით ქირია), როინ ონიანი.
სიონი: ბობღიაშვილი, ირაკლი ვაშაკიძე, ქემოკლიძე, კობაური, სვანიძე, მახვილაძე (80, ფიფია), ჩიკვილაძე, ხიდაშელი, კობაური, ლაშა ნოზაძე (57, უგრეხელიძე), ჩიმაკაძე (46, კიკნაძე).
გაფრთხილებები: სვანიძე (7), გოგობერიშვილი (45), მახვილაძე (47), ჩიკვილაძე (85).
გოლები: 1:0 გუგუჩია (45), 2:0 როინ ონიანი (70).
არბიტრი: პაატა დოგრაშვილი (ქუთაისი).
ფრიდონ კერვალიშვილი









