სახელოვანი მეკარის თასის გათამაშება 25 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ქობულეთის ,,შუქურას“ საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული აჭარის მეორე გუნდი (მწვრთნელები ავთანდილ ნამგალაძე და გელა მჟავანაძე) და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ასაკობრივი ჩემპიონატის მონაწილეთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ზურაბ პეტრიაშვილი, მწვრთნელები გურამ ჭვინტიშვილი და როლანდ ხვისტანი) დაუპირისპირდნენ.
თამაში ქობულეთელ ჭაბუკთა უპირატესობით წარიმართა. მათ ჯერ კიდევ შესვენებამდე მიაღწიეს ორბურთიან უპირატესობას - მეტოქის კარი თეიმურაზ მგელაძემ და გურამ დევაძემ დალაშქრეს. მეორე ნახევარში, შერმადინ ართმელაძემ და დაჩი კირკიტაძემ უფრო მეტად დააწინაურეს ზღვისპირელები. ამის შემდეგ, სტუმართა ნახევარმცველმა სანდრო ქრისტესიაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმც ოთხბურთიანი სხვაობა, თამაშის უკანასკნელ წუთზე, ვახტანგ დადიანმა 11-მეტრიანი დარტყმით აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 5:1 აჭარის მეორე გუნდის სასარგებლოდ.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა ტურნირის საზეიმო დახურვის ცერემონია. გამარჯვებულთ, მთავარი თასი და მედლები რევაზ ჩელებაძემ გადასცა. მეორე ადგილზე გასული სამხრეთ ოსეთის გუნდი პრიზით და მედლებით ვეტერანმა ფეხბურთელმა, ,,ჩელე არენას“ დირექტორმა ავთანდილ გორგილაძემ დააჯილდოვა. ტურნირის დებულებით, მესამე ადგილი არ თამაშდებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა გადამწყვეტ შეხვედრამდე მაინც გააჯიბრეს ერთმანეთს ნახევარფინალში დამარცხებული სამეგრელოს პირველი ნაკრები და მცხეთა-მთიანეთის გუნდი და გული არცერთს დაწყვიტეს - ორივე თასებით და მედლებით წაახალისეს.
ტურნირზე დაწესებული იყო სპეციალური პრიზები, რომელთა მფლობელები გახდნენ: ზურაბ ტატიშვილი (საუკეთესო მეკარე, მცხეთა-მთიანეთი), გიორგი ფუხაშვილი (საუკეთესო მცველი, სამხრეთ ოსეთი), დაჩი კირკიტაძე (საუკეთესო თავდამსხმელი, აჭარა-2), შერმადინ ართმელაძე (საუკეთესო ფეხბურთელი, აჭარა-2).
ზურაბ პეტრიაშვილი (სამხრეთ ოსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ,,მართალია, ფინალში ჩვენი გუნდი დამარცხდა, მაგრამ ქობულეთიდან მაინც კმაყოფილები მივემგზავრებით. ტურნირი საუცხოოდ იყო ორგანიზებული, ზრუნვა და სითბო არ მოგვკლებია. კარგი იქნება, თუ სერგო კოტრიკაძის სახელობის თასის გათამაშება ტრადიციულ სახეს მიიღებს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდისთვის, ამ ტურნირში მონაწილეობა 3-4 თვის ვარჯიშს უდრიდა. თავიდან, წარმატების იმედი არ გვქონდა, მაგრამ მიყოლებით მოვიგეთ თამაშები და ფინალში გავედით. ჩვენთვის ესეც დიდი მიღწევა იყო. სამხრეთ ოსეთის ნაკრები თბილისის ,,იბერიის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა, გვყავს აგრეთვე ბიჭები ,,ტორპედო-ავაზადან“, ,,ოლიმპიდან“, ველისციხიდან და დუშეთიდან. მადლობა მინდა გადავუხადო შეჯიბრების ჩამტარებლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცს სერგო კვარაცხელიას, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციას და კერძოდ, მის პრეზიდენტ სერგო გაბელაიას, ვისი დახმარებითაც, ცხინვალის ,,სპარტაკის“ ავტობუსი, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს განკარგულებაში იყო.“
გიორგი ყაჩლავაშვილი (მცხეთა-მთიანეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი): ,,წარმოდგენა არ გვქონდა, თუ ტურნირი ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდებოდა. ჩამოსული გუნდებისთვის ძალიან კარგი პირობები იყო შექმნილი. ნორმალური სასტუმრო, კვება, კარგი სათამაშო პირობები. ამინდმაც გაამართლა. ყველაფრით კმაყოფილნი ვართ, მათ შორის, შედეგითაც, რომელსაც ტურნირზე მივაღწიეთ. ამგვარი შეჯიბრებები ხშირად თუ ჩატარდება, არაფერი აჯობებს.“
ავთანდილ ნამგალაძე (აჭარა-2-ის მწვრთნელი): ,,აჭარის მეორე ნაკრები მთლიანად ქობულეთის ,,შუქურას“ საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებით იყო დაკომპლექტებული. მე ამ სკოლაში ვმუშაობ და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა სახელოვანი მეკარის თასი მოიგო. განსაკუთრებილი მადლობა მინდა გადავუხადო სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სერგო კვარაცხელიას, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ტურნირის ჩატარებას. არ შემიძლია არ აღვნიშნო კვალიფიციური მსაჯობაც.“
რევაზ ჩელებაძე (ვეტერანი ფეხბურთელი, ქობულეთის ,,შუქურას“ პრეზიდენტი): ,,მიხარია, რომ ჩემი სახელობის სტადიონზე ასეთი ტურნირი ჩატარდა. მშვენიერი სანახაობა, პატარა საფეხბურთო ზეიმი იყო. მართალია, ყველა გუნდი ერთნაირი სიძლიერის არ გახლდათ, მაგრამ მონდომება და ბრძოლის ჟინი არავის აკლდა. ასეთი შეჯიბრებები ხელს უწყობს პერსპექტიული ბიჭების გამოვლენას. რამდენიმე ნიჭიერი ჭაბუკის გვარი ჩავინიშნე. ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციამ რაც შეილება ხშირად უნდა ჩაატაროს ასეთი ტურნირები რეგიონებში.“
იუზა კაციტაძე ქობულეთიდან
ავტორის ფოტოები









