სერენა უილიამსმა პროფესიული საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 500-ე მატჩი მოიგო. ეს ამბავი ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა ტურნირის მეორე წრეში მოხდა – უმცროსმა უილიამსმა (12) ჩეხ ბარბორა ზაჰლავოვა-სტრიცოვას 6:0, 6:4 მოუგო. სულ კი სერენამ დღეს თავისი 604-ე შეხვედრა ჩაატარა.
“მეორე სეტში ოდნავ გამიჭირდა, რადგანაც მოწინააღმდეგე გაცილებით უკეთ ათამაშდა. პრინციპში, პირველი პარტიის შემდეგ ეს მოსალოდნელიც იყო. ჩემ ასპარეზობას რაც შეეხება, ტერფი უკვე აღარ მაწუხებს და ფიზიკურადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ. იმედია, მელბურნში წარმატებულ თამაშს განვაგრძობ”, - სერენა ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა, საიუბილეო მოგების შემდეგ ისიც დასძინა, მეათასე გამარჯვებას ნამდვილად ვერ შევძლებო. მომდევნო წრეში სერენა უილიამსი უნგრელ გრეტა არნს შეხვდება, რომელმაც მოულოდნელად სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას (17) 6:2, 3:6, 10:8 მოუგო.
მეორე ნომრად განთესილ პეტრა კვიტოვას კი მეთექვსმეტედფინალში გასვლა საკმაოდ გაუჭირდა. უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ჩეხმა სამ სეტში გატეხა ესპანელი კარლა სუარეს-ნავაროს წინააღმდეგობა 6:2, 2:6, 6:4.
მამაკაცთა ტურნირს რაც შეეხება, სადღეისოდ პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიის ღია პირველობის გასული გათამაშების ტრიუმფატორმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იოლად მოუგო კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს 6:3, 6:2, 6:1 და მეთექვსმეტედფინალში ფრანგ ნიკოლა მაუს დაუპირისპირდება. “სანტიაგომ მატჩი დამაჯერებლად დაიწყო. ეს მოსალოდნელიც იყო – ყველას სურს პირველ კორტზე გამოსვლისას თავის გამოჩენა. ვიცოდი, ადრე თუ გვიან ხირალდო სათამაშო რიტმს რომ დაკარგავდა. საკუთარი შანსი სათანადოდ გამოვიყენე და რაც მთავარია, სამი სეტით მოვიგე”, - ჯოკოვიჩი ტიტულის დაცვას დამაჯერებლად განაგრძობს.
დამაჯერებლად დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე ენდი მარეიმაც (4). შოტლანდიელმა ფრანგ ედუარდ როჟე-ვასლენს 6:1, 6:4, 6:4 სძლია, ნამატჩევს კი შემდეგი განაცხადა: “კარგი მოწოდებების წყალობით შეხვედრა მშვენივრად დავიწყე, თანაც მეტოქე საკმარისზე მეტ შეცდომას უშვებდა. ასპარეზობის მიწურულს ედუარდმა ბადესთან გასვლა დაიწყო, მაგრამ თავის მოწოდებაზეც კი მცირედ შანსს ვაძლევდი”.
ასევე სამი სეტით იმარჯვა ჟო-ვილფრიდ ცონგამ (6). ფრანგმა ბრაზილიელ რიკარდუ მელოს 7:5, 6:4, 6:4 მოუგო, ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის წარმომადგენელს კი სამატჩო რეზიუმე გაუკეთა: “აქაურ კორტის საფარსა და ამინდში თამაში მსიამოვნებს, თანაც, მაყურებელი მხარს მიჭერს, რაც დამატებით სტიმულს მაძლევს. მესამე წრეში გასვლა მახარებს, თუმცა, მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებ”.
ჯოკოვიჩის, მარეისა და ცონგასგან განსხვავებით, გაუჭირდა დავიდ ფერერს (5). ესპანელმა დაძაბულ ორთაბრძოლაში ამერიკელ რაიან სვიტინგს 6:7 (4:7), 6:2, 3:6, 6:2, 6:3 მოუგო, მეთექვსმეტედფინალში კი არგენტინელ ხუან-იგნასიო ჩელას (27) შეხვდება.







