ქალთა შორის პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ვიკტორია აზარენკამ 2010 წლის შემდეგ მოყოლებული ყველაზე დიდი ანგარიშით დათმო მატჩი. 2 წლის წინათ ბელარუსი “როლან გაროსზე” არგენტინელი ხისელა დულკოსთან 1:6, 2:6 დამარცხდა, დღეს, მართალია, ვიკამ ოდნავ უკეთესო შედეგი აჩვენა მადრიდის ტურნირის ფინალში მიჩიგანელი სერენა უილიამსის წინააღმდეგ თამაშისას, თუმცა, 1:6, 3:6 დამარცხება აზარენკასთვის დამამცირებელია.
სერენა უილიამსისა (9) და ვიკტორია აზარენკას (1) დღევანდელი ფინალი მხოლოდ საათსა და 4 წუთს გაგრძელდა. უილიამს-უმცროსმა 14 ეისი განახორციელა, ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი შეასრულა, საკუთარ მოწოდებაზე კი მოწინააღმდეგეს არცერთი გეიმი არ დაუთმო. ბელარუსისა და ამერიკელი დაპირისპირებების სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა სერენას სასარგებლოდ – მან მხოლოდ ერთხელ დაუთმო აზარენკას, თავად კი ექვსჯერ სძლია.
ასე და ამგვარად, სერენა უილიამსმა თავისი კარიერის განმავლობაში 41-ე ტიტული დაისაკუთრა და ზედიზედ 13 მატჩი მოიგო თიხნარის კორტზე. გეტყვით იმასაც, რომ წლეულს უმცროსმა უილიამსმა მეორე შეჯიბრება მოიგო.
“მზად ვარ რეიტინგსიის ლიდერობისთვის? ცხადია, მხოლოდ იმიტომ ვთამაშობ, პირველი რომ ვიყო. დარწმუნებული ვარ, ანალოგიურად არიან განწყობილნი აზარენკაცა და შარაპოვაც. მით უფრო საინტერესო იქნება მათთან ჭიდილი კლასიფიკაციაში პირველობისთვის”, - ამგვარად “უპასუხა” სერენამ თავისსავე “დასმულ” კითხვას.







