ლონდონის ოლიმპიური თამაშების ერთეულთა და წყვილთა თანრიგის საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა ცინცინატის შეჯიბრების მესამე წრეში დამაჯერებლად გააღწია. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილმა ამერიკელმა (პირველი პოლონელი აგნეშკა რადვანსკაა) იოლად მოუგო ბერძენ ელენა დანილიდუს 6:3, 6:4 და მეოთხედფინალში გასვლისთვის ყაზახეთის სახელით მოასპარეზე იაროსლავა შვედოვასა და აგნეშკას უმცროსი დის, ურსულა რადვანსკას შორის მოგებულს შეხვდება. დანილიდუსთან პაექრობას რაც შეეხება, სერენას ანგარიშზე 9 ეისი და 3 ბრეიკია.
“ჩოგბურთში ძალიან ბევრს მივაღწიე, მაგრამ თამაშის წარმატებით გაგრძელების მოტივაცია კიდევ დიდი მაქვს. ყოველმხრივ შევეცდები, კიდევ მოვიგო სადიდსლემო შეჯიბრებები. სწორედ ესაა ჩემი ამოცანა, რომლის გადასაჭრელად არაფერს დავიშურებ”, - ამბობს სერენა.
დიდი სლემის მორიგი ტურნირი, ამერიკის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატი სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და ამ ასპარეზობაზე უილიამს-უმცროსი პირველობის დაუფლების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. შეგახსენებთ, სერენას აშშ-ის ღის ჩემპიონატი 1999 და 2009 წლებში აქვს მოგებული.







