ჩოგბურთი

18:36 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერბი გერმანელთა წინააღმდეგ

 საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელი გათამაშების ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი ტურნირის მეოთხედფინალისტია. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ბალკანელმა გერმანელ მსოფლიოს რეიტინგსიის 19-ე ნომერ ფილიპ კოლშრაიბერს 4:6, 6:3, 6:4, 6:4 მოუგო.

შეხვედრა 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. “ნოლემ” 4 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, კოლშრაიბერთან პირადი დაპირისპირებების ბალანსი კი გაიუმჯობესა – 3:1. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი კიდევ ერთ გერმანელს, ტომი ჰაასს შეხვდება.

ცალკე საუბრის თემაა ჰაასი. ტომიმ მერვედფინალში უშანსოდ დატოვა რუსი მიხაილ იუჟნი, 6:1, 6:1, 6:3 დაამარცხა და 1996 წლიდან მოყოლებული პირველად გერმანელი ჩოგბურთელი “როლან გაროსის” მეოთხედფინალში ითამაშებს. 17 წლის წინათ ეს ალემანმა ბერნდ კარბახერმა და მიხაელ შტიხმა მოახერხეს. მაშინ კარბახერი მეოთხედფინალში ფრანგ სედრიკ პიოლინთან დამარცხდა, ხოლო შტიხმა ფინალამდეც კი გააღწია და გადამწყვეტი მატჩი რუს ევგენი კაფელნიკოვს დაუთმო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაასი 2005 წლის შემდეგ პირველი მეოთხედფინალისტი გახდა, რომელიც სადიდსლემო შეჯიბრების 8 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის 35 წლისა მოხვდა. 2005-ში ეს ანდრე აგასიმ მოახერხა. იგი აშშ-ის ღია პირველობის ფინალში გავიდა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

ბოლოს იმასაც მოგახსენებთ, რომ ტომი ჰაასი ITF-მ 800 დოლარით დააჯარიმა. ამგვარი სანქციით დასაჯეს ჰაასი საკუთარი ჩოგანთან “უდიერი დამოკიდებულების” გამო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.073185