სხვა

16:12 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-მა ახალგაზრდა ოლიმპიელებს უმასპინძლა

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა 16-28 აგვისტოს ჩინეთში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ქართველ ლიცენზიანტებს და ოლიმპიურ პროგრამაში შეტანილი სპორტის სახეობების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სეოკ-ის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეც დაესწრო.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ახალგაზრდული ოლიმპიადა პირველად ოთხი წლის წინ სინგაპურში ჩაატარა. მასზე საქართველოს ხუთი მონაწილე ჰყავდა _ ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობასა და ცურვაში. ერთადერთი ბრინჯაოს მედალი კი მოჭიდავე ირაკლი მოსიძემ აიღო.

წლეულს შეჯიბრების მასპინძელი ქალაქი ნანძინი იქნება და ჩემპიონ-პრიზიორები სპორტის 30 სახეობაში გამოვლინდებიან.

“მომავალ თამაშებზე ქართული დელეგაცია სპორტის 7 სახეობაში, 12 სპორტსმენით გამოვა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნით და საერთაშორისო ფედერაციების დასტურით, უმეტეს სახეობებში მონაწილეთა რაოდენობა ძალზე შეიზღუდა, შესაბამისად, გაძნელდა ლიცენზიების მოპოვება. მაგალითად, ძიუდოში ერთ ქვეყანას მხოლოდ თითო სპორტსმენი ქალისა და ვაჟის წარდგენის უფლება აქვს. მიუხედავად ამისა, წინა თამაშებთან შედარებით გაცილებით მეტი მონაწილე გვეყოლება და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგიანობაზეც აისახება. მადლობა თითოეულ სპორტსმენს სალიცენზიო ტურნირებზე დამაჯერებლად გამოსვლისთვის” – განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა თამაზ თევზაძემ და სეოკ-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმაც უსურვეს. სპორტსმენების მოსამზადებელი პროგრამის შესახებ მოკლე განცხადებები ფედერაციების წარმომადგენლებმაც გააკეთეს, ბოლოს კი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ოლიმპიელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ნანძინში საქართველოს სახელით იასპარეზებენ: მარიამ ჯანაშვილი (ძიუდო), თამაზ კირაკოზაშვილი (ძიუდო), მექი სიმონია (თავისუფალი ჭიდაობა), ივერიკო ჯულაყიძე (თავისუფალი ჭიდაობა), მარიამ ძაგნიძე (მძლეოსნობა), გოგა მაღლაკელიძე (მძლეოსნობა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა), გიორგი ონიანი (მძლეოსნობა), გიორგი ხარაბაძე (კრივი), აკაკი ვაშაკიძე (ცურვა), თეონა ჯანჯღავა (ბატუტზე ხტომა), ნიკა შენგელია (ფარიკაობა).

 

კახა ბერიძის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06221