სხვა

23:57 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის აღმასკომის სხდომა

28 მაისს, სეოკ-ის ოფისში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.

1) საქართველოს სპორტსმენთა ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებში (სოჭი, რუსეთი, 2014 წლის თებერვალი) მონაწილეობის შედეგების შესახებ.

2) ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის (ნანჯინგი, ჩინეთი, 2014 წლის აგვისტო) მზადების მიმდინარეობის შესახებ.

3) ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის “თბილისი 2015” მზადების მიმდინარეობის შესახებ.

4) ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის (რიო დე ჟანეირო, 2016) მზადების მიზნით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატებისთვის ოლიმპიური სოლიდარობის სტიპენდიების დასანიშნად რეკომენდაციის გაცემის შესახებ.

5) ეოკ-ის 25 წლის იუბილესთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ.

6) “ოლიმპიური რბენის დღის” ჩატარების ორგანიზაციის შესახებ.

7) სხვადასხვა.

ეს იყო საკითხები, რომელთა შესახებაც, აღმასკომის წევრებმა შესაბამის ეროვნულ ფედერაციათა ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელეს. სხდომას, სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.

“სოჭი 2014”-ზე ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა, ელენე გედევანიშვილის გამოსვლა დამაკმაყოფილებლად შეაფასა. მისი თქმით კარგი ახალი თაობა მოდის, რაც ახლახანს ბათუმი დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზეც დადასტურდა. შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე ღირსეული სიტყვა თქვან, პირველ რიგში კი მოიპოვონ 2016 წელს, ლილეჰამერში გასამართი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

მანამდე კი, ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება დამსწრეთ სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გააცნო. ამ ეტაპზე, ოფიციალურად, სპორტის 5 სახეობაში მოპოვებულია 7 ლიცენზია (ძიუდო 2, თავისუფალი ჭიდაობა 2, ბატუტზე ხტომა 1, ფარიკაობა 1, კრივი 1). სალიცენზიო ნორმატივი შესრულებულია ცურვაშიც, თუმცა სეოკ-ი,  საერთაშორისო ფედერაციიდან ოფიციალური დასტურის მოლოდინშია. სამწუხაროა, რომ საგზურის გარეშე დავრჩით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სალიცენზიო მარათონი ჯერ არ დასრულებულა, წინ მძლეოსანთა ტურნირია.

ელგუჯა ბერიშვილმა ასევე ისაუბრა 23 ივნისს “ოლიმპიური რბენის დღის” ჩატარებასთან დაკავშირებითაც. ისევე როგორც შარშან, ღონისძიების სპონსორი, კომპანია “სამსუნგ ელექტრონიქსი” იქნება.

“თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა გააკეთა მოკლე პრეზენტაცია თუ როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი.

სხდომის დასასრულს კი 8-10 ოქტომბერს, სეოკ-ის 25 წლის იუბილესადმი დაგეგმილ ღონისძიებებზეც ითქვა. ამ პერიოდში, თბილისს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები, ასევე არაერთი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ეწვევა.

სეოკ-ის დიდი სურვილია და ყველაფერი კეთდება, რათა ამ მნიშვნელოვანმა თარიღმა, ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლეგენდარული ვიქტორ სანეევის გარეშე არ ჩაიაროს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.525301