გრძელდება სენსაციები ვაჟ მოჭადრაკეთა საქართველოს 70-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
ლევან ფანცულაია ერთადერთი მოჭადრაკეა, რომელიც ფავორიტად მიჩნეული სპორტსმენებიდან მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ფანცულაიამ, მეორე რაუნდში, 1,5:0,5 მოუგო კონსტანტინე შანავას და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენი ნახევარფინალისტებიც ტაი-ბრეიკის გარეშე, კლასიკურ პარტიებში გამოვლინდნენ. მორიგი სენსაციები მოახდინეს ლუკა პაიჭაძემ (2483 ქულა), გიგა ყუფარაძემ (2395) და დავით ზარქუამ (2356), რომლებმაც შესაბამისად, თამაზ გელაშვილი (2608), თორნიკე სანიკიძე (2559) და გიორგი მარგველაშვილი (2544) დაამარცხეს.
ყუფარაძემ და პაიჭაძემ ერთნაირი ანგარიშით - 2:0 მოიგეს, ხოლო ზარქუამ 1,5:0,5 გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ზარქუამ, ყუფარაძემ და პაიჭაძემ, პირველ რაუნდში კიდევ უფრო გამოცდილი მოჭადრაკეები, შესაბამისად, საქართველოს ორი ჩემპიონი - მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, დავით არუთინიანი დაამარცხეს.
რადგან მეორე რაუნდში ტაი-ბრეიკის ჩატარება საჭირო აღარ გახდა, 17 იანვარი ავტომატურად გახდა დასვენების დღე.
ნახევარფინალური სერია 18 იანვარს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ფინალური და ბრინჯაოს მედლისთვის მატჩების მსგავსად, ნახევარფინალურ სერიაში 4-4 კლასიკური პარტია ჩატარდება.
მეოთხედფინალის ტექნიკური შედეგები: ზარქუა-მარგველაშვილი 1,5:0,5; პაიჭაძე-გელაშვილი 2:0; ფანცულაია-შანავა 1,5:0,5; სანიკიძე-ყუფარაძე 0:2;
ნახევარფინალური წყვილები: ზარქუა-პაიჭაძე, ფანცულაია-ყუფარაძე.
როლანდ ლაბუჩიძე







