ნოვაკ ჯოკოვიჩის მსგავსად, ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მესამე წრეში უპრობლემოდ გააღწიეს მსოფლიოს რეიტინგსიის მეორე და მესამე ჩოგნებმა რაფა ნადალმა და როჯერ ფედერერმა. ესპანელმაც და შვეიცარიელმაც დამაჯერებლად მოიგო ორივე სეტი.
ნადალმა 6:1, 6:3 არგენტინელ ლეონარდო მაიერს სძლია და მომდევნო ეტაპზე თანამემამულე მარსელ გრანოლიერსს დაუპირისპირდება. ფედერერს რაც შეეხება, “მხიარულმა როჯერმა” ამერიკელ დენის კუდლას შანსი არ დაუტოვა (6:4, 6:1) და შემდეგ წრეში შედარებით უფრო ძლიერ მეტოქეს, კანადელ მილოშ რაონიჩს (27) შეხვდება.
ქალთა ტურნირს რაც შეეხება, სადღეისოდ პლანეტის პირველმა ჩოგბურთელმა ვიკტორია აზარენკამ რუს სვეტლანა კუზნეცოვას (25) გადაუკეტა მესამე ეტაპისკენ მიმავალი გზა. ბელარუსმა ერთ საათში გაარკვია ურთიერთობა მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენელთან (6:1, 6:2) და მეოთხედფინალში გასასვლელად გერმანელი იულია გერგესის (14) წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.
მოულოდნელად დაასრულა ასპარეზობა ინდიან უელსის შეჯიბრებაზე პეტრა კვიტოვამ (3). უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ტურნირზე 32-ე ნომრად განთესილ ამერიკელ კრისტინა მაკჰეილთან 6:2, 2:6, 3:6 დამარცხდა. ჩეხი სპორტსმენის წაგება მით უფრო გასაკვირია, რომ კვიტოვამ პირველი სეტი მოიგო და ნაკლებად მოსალოდნელი იყო პეტრას მიერ ზედიზედ 2 პარტიის დათმობა. წაგების მიუხედავად, კვიტოვას რეიტინგი არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. შარშან იგი ინდიან უელსში პირველსავე წრეში დამარცხდა, წლეულს – მეორეში და 80 სარეიტინგო ქულაც ჩაიწერა აქტივში.
ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდიან უელსის ტურნირს ერთბაშად 8 ჩოგბურთელი ნაწლავური ინფექციის გამო ჩამოშორდა. ვერა ზვონზრიოვა, გაელ მონფისი, ფილიპ კოლშრაიბერი, იურგენ მელცერი, ანდრეას სეპი, მაგდალენა რიბარიკოვა, ბეტანი მატეკ-სენდსი და ვანია კინგი მოიწამლნენ, რის გამოც მათმა მეტოქეებმა უბრძოლველად გააღწიეს მომდევნო ეტაპებზე.
ასევე ჩამოშორდა შეჯიბრებას მიკაელ ლოდრა. მან თანამემამულე ჟო ვილფრიდ ცონგასთან პაექრობისას მუხლი იღრძო და ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ლოდრასთვის უსიამოვნება ამით არ დასრულებულა. ტურნირის ორგანიზატორებმა იგი 2500 დოლარით დააჯარიმეს. საამისო მიზეზი მათ ლოდრას რასისტულმა გამონათქვამებმა მისცა. პირველ წრეში მიკაელი ლატვიელ ერნესტს გულბისს შეხვდა (ფრანგმა ბალტიისპირელს 6:3, 5:7, 7:6 მოუგო) და მატჩის მსვლელობისას ლოდრამ ტრიბუნაზე მჯდომ ერთ-ერთ გულშემატკივარს შეურაცხოფა მიაყენა.







