ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში BMW Open by Atlanticlux საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც გამარჯვებას პირველ ნომრად განთესილ ფრანგს ჟო-ვილფრიდ ცონგას უწინასწარმეტყველებდნენ. ყოველ შემთხვევაში, სადღეისოდ პლანეტის ნომერ მეხუთე ჩოგნის მეოთხედფინალში ვერგასვლას სენსაციის სუნი სდის. მერვედფინალში 27 წლის აფროფრანგი პლანეტის რეიტინგსიის 134-ე ჩოგბურთელ, 34 წლის გერმანელ ტომი ჰაასთან 2 სეტით, 1:6, 4:6 დამარცხდა. მატჩი 59 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაში ალემანმა 4 ეისი განახორციელა, ცონგასთან პირად შეხვედრებში კი უპირატესობას მიაღწია – კარიერის განმავლობაში ჰაასმა ორჯერ მოახერხა ჟო-ვილფრიდის ძლევა, თავად კი მასთან პაექრობისას ერთადერთხელ დამარცხდა.
ჰაასის სამეოთხედფინალო მოწინააღმდეგე კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი (8) იქნება. კუნძულელმა დაძაბულ ორთაბრძოლაში გერმანელ დასტინ ბრაუნს 1:6, 6:4, 6:4 მოუგო.







