ჩოგბურთი

13:56 | 17.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

“სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ველით მეორე განყოფილებას”

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის პირველ წრეში მოწინავე 5 ნომრად განთესილ ჩოგბურთელთაგან ნოვაკ ჯოკოვიჩმა (1), რაფა ნადალმა (2), როჯერ ფედერერმა (3) და დავიდ ფერერმა (5) მომდევნო ეტაპზე სეტის წაუგებლად გააღწიეს, ენდი მარეიმ (4) კი ოთხსეტიანი პაექრობის შემდეგ მოიპოვა 1/32 ფინალში ასპარეზობის უფლება.
სადღეისოდ პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დღეს დილით მხოლოდ 2 გეიმი (6:2, 6:0, 6:0) დაუთმო იტალიელ პაოლო ლორენცის და შემდეგ მოწინააღმდეგედ კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდო ჰყავს. “ცხადია, წლის პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის საგანგებო განწყობით ვემზადებოდი. მელბურნის სტარტისთვის კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ყოფნის მიზნით 2012 წლის პირველ კვირაში კორტზე გასვლაზე უარი ვთქვი. ლორენცისთან დაპირისპირებისას რამდენიმე გეიმი დამჭირდა სათამაშო რიტმში შესასვლელად. ამასთან, ძალიან ცხელოდა და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა. პირველი პარტიის შემდეგ მაღალ დონეზე ვითამაშე და მთლიანობაში ავსტრალიის ღია პირველობის სასტარტო მატჩში საკუთარი გამოსვლით ფრიად კმაყოფილი ვარ”, - ტურნირის მოქმედი ჩემპიონის ეს სიტყვები შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.
ასევე კმაყოფილი დარჩა თავისი თამაშით დავიდ ფერერი. ესპანელმა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელს, პორტუგალიელ რუი მაშადუს 6:1, 6:4, 6:2 მოუგო და ნამატჩევს AP-ის კორესპონდენტს განუცხადა: “წინა კვირაში ოკლენდის ტურნირი მოვიგე, დღეს კი მატჩის სამი სეტით დამთავრება შევძელი. სადღეისოდ საკუთარი თამაშით და სპორტული ფორმით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანია, ავსტრალიის ღია პირველობის საწყისი მატჩები ზედმეტი დაძაბულობის გარეშე რომ მოვიგო”.
ფავორტთაგან ყველაზე მეტად ენდი მარეის გაუჭირდა. შოტლანდიელმა ამერიკელ რაიან ჰარისონთან პაექრობისას პირველი სეტი 4:6 დათმო, მომდევნო პარტიებში კი 6:3, 6:4, 6:2 იმარჯვა და 1/32 ფინალში ფრანგ ედუარდ როჟე-ვასლენს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156788