საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ვეტერანი წყალბურთელი დავით რურუა გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს ჩატარებული საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
პრეზიდენტობის შვიდ კანდიდატს შორის არჩევანი ხმის უფლების მქონე 55 დელეგატს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ საბოლოოდ კანდიდატთა სია სამამდე შემცირდა, რეგისტრაცია კი 54-მა დელეგატმა გაიარა.
ყრილობის დაწყებისთანავე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა კანდიდატურა ჯერ კიდევ გუშინ მოხსნა. უშუალოდ ყრილობაზე კი ჯერ გიორგი ჩხეიძემ განაცხადა კანდიდატურის ვლადიმერ ისელიძის სასარგებლოდ მოხსნის შესახებ, შემდეგ თავად ისელიძემ მხარი დავით რურუას დაუჭირა, ბოლოს კი ნოდარ კურტანიძემ მოხსნა კანდიდატურა, რევაზ ჩომახიძის სასარგებლოდ.
დარჩა სამიკანდიდატი: რურუა, ჩომახიძე და გიორგი გორდელაძე. დამსწრეთ სამივემ მიმართა და მხარდაჭერის შემთხვევაში საწყლოსნო სახეობების წინსვლაზე ზრუნვას დაჰპირდა. საინტერესო იყო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრე ბითაძის გამოსვლა, რომელმაც დამსწრეთ დავით რურუას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, აქაოდა, შეიძლება უკეთ დაწერილი პროგრამა ამჯერად სხვა კანდიდატურამ წარმოადგინა, მაგრამ რეალურად, ჩვენი ფედერაციისთვის საუკეთესო არჩევანი სწორედ რურუა იქნება, თუნდაც მისი საერთაშორისო ფედერაციებთან ახლო დამოკიდებულების გამოო.
წესდების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ღია კენჭისყრით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გიორგი გორდელაძემ და რევაზ ჩომახიძემ ფარული არჩევნები მოითხოვეს და ამ საკითხზეც კენჭისყრა გაიმართა. 28 დელეგატმა იდეას მხარი დაუჭირა და ქართული სპორტული ფედერაციების არჩევნების ბოლო წლების ისტორიაში პირველად, კონკურენტუნარიანი გარემო ვიხილეთ.
ფარული არჩევნების შემდეგ ხმები ასე გადანაწილდა: რევაზ ჩომახიძე – 12, გიორგი გორდელაძე – 18, დავით რურუა – 22. ორმა დელეგატმა კი თავი შეიკავა.
“დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და მათაც, ვინც ჩემს კონკურენტებს მისცა ხმა. მოხარული ვარ, რომ ნდობა გამომიცხადეთ. ახლა საქმე ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ. შევეცდები, ქართული საწყლოსნო სახეობების მომავალი წარმატებებისთვის მაქსიმალურად ნაყოფიერად ვიმუშაო”, – განაცხადა დავით რურუამ.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა ფედერაციის ახალი გამგეობის შემადგენლობა გამოაცხადა. 9-კაციან სიას შეიძლება რამდენიმე წევრი უახლოეს დღეებშიც დაუმატოს. შემდეგ კი ვიცეპრეზიდენტებს სწორედ გამგეობის წევრთაგან დაასახელებს.
ოთარ მაღლაკელიძე







