“კოლხეთი” (ფოთი) - “ბაია” (ზუგდიდი)
ფოთს, საუმაღლესლიგო რეგიონული დერბი მასპინძელთა გამარჯვებით დაუბრუნდა. ჩემპიონატის დასაწყისთან შედარებით, საკმაოდ დასუსტებულმა გუნდებმა თვალსასეირო თამაში ვერ აჩვენეს, თუმცა მატჩს დაძაბულობა არ აკლდა. მოგებას მონატრებული მეტოქეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ და შეხვედრა რომ უგოლოდ დასრულებულიყო, ალბათ უფრო მასპინძელთა მიმართ იქნებოდა უსამართლო.
შეროზიამ, მინდორზე ის ფეხბურთელები გაიყვანა, რომლებსაც უმეტესწილად “კოლხეთის” დუბლშემადგენლობაში თამაში უწევთ. მოგეხსენებათ, ძირითადი შემადგენლობის 14-მა წევრმა უსახსრობის გამო გუნდი დატოვა და როგორც ფოთელთა მესვეურები ამბობენ, უკეთესი დროის დადგომამდე, აქცენტი მხოლოდ სათადარიგოებზე გაკეთდება.
ფოთელები, იმის მიუხედავად, რომ ანგარიშში მატჩის მიწურულს დაწინაურდნენ, იმის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ, შინ მხოლოდ ქულა დაეტოვებინათ. საქმე ის გახლავთ, რომ არბიტრს ლევან გულუასთვის მე-80 წუთზე მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია და კოლხმაც ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. თუმცა, სტუმრებმა ვერც უმრავლესობაში დარჩენილებმა შეძლეს რეალური საგოლე მომენტის შექმნა.
სხვათა შორის, გულუა მისი გუნდის ერთადერთი შედეგიანი დარტყმის “შემოქმედი” გახდა. ბურთი, სწორედ ლევანის მიერ საჯარიმოდან დარტყმულის მოგერიებისას მოხვდა ზარქუას ხელიდან ხარიხას და უკან გამოვარდნილს დავით მეგრელიშვილმა საგოლედ დაამატა - 1:0.
ეს “კოლხეთის” მიერ 3 ოქტომბრის შემდეგ მოპოვებული პირველი 3 ქულაა. გუნდმა ზედიზედ შვიდ საჩემპიონატო შეხვედრაში მოგება არ იცოდა. ზუგდიდელთა პასივს რაც შეეხება, იგი ფოთში განცდილი ამ მარცხით, ექვსამდე გაიზარდა.
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან ჩვენმა გუნდმა ძალიან უხარისხო თამაში აჩვენა. მიმაჩნია, რომ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო, რასაც ვულოცავ ჩემს კოლეგას”.
ბესიკ შეროზია (“კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენმა ახალგაზრდებმა მართლაც დამსახურებულად მოიგეს და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. უნდა ვთქვა, რომ თავიდან ბოლომდე დუბლშემადგენლობამ ითამაშა, რომლის მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვის მათთან მომუშავე ზაზა ინიაშვილს და მის ასისტენტს. შევძელით და ყველამ ერთად მოვახდინეთ მობილიზაცია, ბიჭებმა გაგვიმართლეს და სასურველი შედეგი მივიღეთ”.
5 დეკემბერი, ფოთი. “ფაზისი”. 1000 მაყურებელი.
“კოლხეთი” (ფოთი) - “ბაია” (ზუგდიდი) 1:0 (0:0)
“კოლხეთი”: გორდეზიანი, ბარამიძე, ცხვიტარია, ბუკია, ლემონჯავა (შოთა გაბუნია, 90), მოისწრაფიშვილი, გოგონაია, მეგრელიშვილი, გვალია (ქორჩილავა, 47), გულუა, წიქარიშვილი (გეგელია, 84).
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია.
“ბაია”: ზარქუა, რიგვავა, აფაქიძე, თამაზ აკობია, ივანე კანდელაკი, ლევან აკობია, გუგუჩია (შოთა ლომია, 62), წურწუმია (ეხვაია, 70), ვართაგავა, მალიჩავა, ჩანგელია (კუკავა, 46).
მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.
გაფრთხილებები: გულუა (18), მალიჩავა (64), გულუა (80), გოგონაია (82).
გაძევება: გულუა (80).
გოლი: 1:0 მეგრელიშვილი (74).
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).
“ზესტაფონი” - “სიონი” (ბოლნისი)
ამ მატჩით “ზესტაფონმა” ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების მე-3 ასეული “დაახურდავა”. როგორც კლუბის პრესსამსახურისაგან შევიტყვეთ, წინა ტურში “სამტრედიასთან” გამართული იმერული დერბი გეგუჩაძის შეგირდთათვის საიუბილეო მე-200 გახლდათ. გემახსოვრებათ, ზესტაფონლებმა თანარეგიონელები არ დაინდეს და მათ კიპერს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს. მაშინ გელაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო დვალმა და წინამძღვრიშვილმა - დუბლები.
ამ უკანასკნელებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და მეტოქის კარის დარაჯს ისევ 2-2 გაუტანეს. თან, რაც ერთობ საგულისხმოა, იმერელთა ფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი ისე ჩაუდგა სათავეში ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას, ძირითად შემადგენლობაში მყოფს გოლი არ გაუტანია.
ანგარიში ჯაბა დვალმა 29-ე წუთზე, მეტად ეფექტური თავური დარტყმით გახსნა. მას მარჯვენა ფლანგიდან კახა ალადაშვილმა უასისტენტა. უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა ყველა საგოლე კომბინაცია მარჯვენა ფრთიდან დაიწყო. მეორედ, დვალს გიორგი ხიდეშელმა თავით უპასა, ფორვარდმა კი, თავისი არ მოიშალა და კვლავ ეფექტურად ნახევარბრუნში ცაციათი გაიტანა.
მატჩის ბოლომდე 20 წუთით ადრე გეგუჩაძემ ამჯერად “მშრალად” გარჯილი გელაშვილი წინამძღვრიშვილით შეცვალა და რატიმ კოლეგა დვალს მხარი აუბა. ჯერ 86-ე წუთზე მეკარის ბაქანთან შემცდარი მცველისაგან გამოვარდნილი დაჰკრა საგოლედ, შეხვედრის ბოლო წუთზე კი, ალადაშვილის მორიგ ფლანგურ ჩაწოდებას თავი დაუხვედრა და ჩემპიონატში წლეულს გატანილი გოლების რიცხვი 10-მდე გაზარდა.
5 დეკემბერი, ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 2000 მაყურებელი.
“ზესტაფონი” - “სიონი” (ბოლნისი) 4:0 (1:0)
“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, ალადაშვილი, გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა (ბაბუნაშვილი, 46), დაუშვილი, გორგიაშვილი, აფციაური, გრიგალაშვილი, დვალი (ბენაშვილი, 80), გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 71).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
“სიონი”: მერლანი, ქურასბედიანი, ორბელაძე (ვაშაკიძე, 35), გიორგი თარგამაძე, ლაშა ჭელიძე, ნოზაძე, ნემსაძე, ჩივაძე, მანუჩარ ოქროპირიძე (ისიანი, 65), უგრეხელიძე. გიორგი ჭელიძე (რევაზ გოცირიძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფშიძე.
გაფრთხილებები: ოქროპირიძე.
გოლი: 1:0 დვალი (29), 2:0 დვალი (65) 3:0 წინამძღვრიშვილი (86), 4:0 წინამძღვრიშვილი (90).
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი).
| № | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
| 1 | ზესტაფონი | 17 | 11 | 1 | 5 | 36-12 | 34 |
| 2 | ოლიმპი | 17 | 10 | 4 | 3 | 26-14 | 34 |
| 3 | დინამო | 17 | 9 | 5 | 3 | 22-9 | 32 |
| 4 | ვიტ ჯორჯია | 17 | 7 | 1 | 9 | 17-21 | 22 |
| 5 | ტორპედო | 17 | 5 | 7 | 5 | 9-9 | 22 |
| 6 | სიონი | 17 | 5 | 6 | 6 | 11-19 | 21 |
| 7 | კოლხეთი | 17 | 5 | 4 | 8 | 14-25 | 19 |
| 8 | სამტრედია | 17 | 5 | 4 | 8 | 16-28 | 19 |
| 9 | ბაია | 17 | 5 | 4 | 8 | 15-21 | 19 |
| 10 | ცხინვალი | 17 | 3 | 4 | 10 | 14-23 | 13 |
შენიშვნები:
პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
ოთხი წრის შედეგების მიხედვით ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.
ბომბარდირები
რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 10 (1 პენალტით), ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) - 9 (1), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 7, ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 7, გიორგი მეგრელაძე (ბაია) - 6 (1), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) - 5 (1).
ფრიდონ კერვალიშვილი









