ევროპის მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც საფრანგეთის ქალაქი ექს ლე ბენი მასპინძლობს, ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს. 6 ტურის თავზე, ქართველთაგან საუკეთესო შედეგის (4.0 ქულა) მქონე ლევან ფანცულაია (2595) და ბაადურ ჯობავა (2707), შესაბამისად, მე-60 და 95-ე ადგილებზე იმყოფებიან.
3.5 ქულა გააჩნიათ დავით ლობჟანიძეს (2489, 104-ე), ლელა ჯავახიშვილსა (2437, 112-ე) და თორნიკე სანიკიძეს (2542, 116-ე), ლუკა პაიჭაძე (2487) 3.0 ქულით 199-ეა, ხოლო იდენტური მონაგარის მქონე სალომე მელია (2462) – 226-ე. დავით ზარქუას (2397) 2.5 ქულით 264-ე პოზიცია უკავია.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ვაჟთა ჩემპიონატში მოთამაშე ჯავახიშვილმა, მე-6 ტურს მარცხის გარეშე უწია, დღეს კი ჰოლანდიელ ერვინ ლ’ამისთან (2623) თეთრი ფიგურებით წააგო.
მე-7 ტურში, ქართველთა პარტიებიდან ორს გამოვარჩევთ – ჯობავა შავებით ჰოლანდიელ რეინდერმანს (2601) ეთამაშება, ფანცულაია კი თეთრებით უნგრელ იუდიტ პოლგარს (2686) დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, 5.5 ქულით პირველ ადგილზე რუსი ვლადიმირ პოტკინი (2653) იმყოფება. ევროპირველობა თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და ორ აპრილს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული ოც ათას ევროს მიიღებს, სულ კი, ფულადი პრიზებით 25 მოწინავე მოჭადრაკე დაჯილდოვდება.







