ტუნისის დიდი პრიზის გათამაშების მეორე დღე – 8 მაისი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის, პირველის მსგავსად, უმედლო გამოდგა. 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 4 ქართველი ნახევარფინალამდე გამოეთიშა ტურნირს და საღამოს პროგრამაში კვლავ მხოლოდ უცხოელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ყველაზე შედეგიანად, როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან წიკლაური (81 კგ) გამოვიდა. ევროპის გუნდური ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა და შეჯიბრში ის მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, სადაც კამერუნელ ლუის მესის ორ წუთსა და 17 წამში სძლია. შემდეგ ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიეს, 2 იუკოს სანაცვლოდ, მომგებიანი ვაზარი აუღო, უზბეკ შოკირ მუმინოვთან კი, ვეღარას გახდა. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალის საგზური 2 ვაზარით მოიპოვა, ხოლო წიკლაურმა დიდი პრიზი მე-5 ადგილით დაასრულა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგისთვის 40 ქულა მიიღო. ამავე წონაში, ხვიჩა ხუციშვილმაც მოირგო კიმონო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ - პორტუგალიელ დიოგო ლიმასთან საფინალო სირენამდე და ოქროს დროის დანიშვნამდე 4 წამით ადრე, იპონით წააგო.
ჩემპიონი გერმანელი ოლე ბიშოფი გახდა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელ ლეანდრო გილეიროს აჯობა. ბრინჯაოს პრიზიორები ჰოლანდიელი ჯილომ ელმონი და უზბეკი მუმინოვი გახდნენ.
73 კილოგრამში ნუგზარ ტატალაშვილმა ბელგიელი ჟან ივ ბოტიესა და ტუნისელი სეიფედინ ბენ ჰასენის ძლევის შემდეგ, მერვედფინალში, რუს მურატ კოძოკოვთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო. არსენა მაჭა¬რაშვილი კი, ტურნირს პირველივე მოწინააღმდეგემ, მონღოლმა პურევდორჟ განდბოლდმა გამოთიშა.
ამ წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკა ავიდა, იაპო¬ნელი ჰიროუკი აკიმოტოს ძლევით, ხოლო მე-3 ადგილები მურად კოძოკოვმა და ბელგიელმა დირკ ვან ტიჩელტმა დაიკავეს. გუშინვე, მედლები ქალთა 57, 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა.
დღეს მამაკაცთა 90, 100, +100 და ქალთა 78 და +78 კილოგრამებში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიო¬რები. საქართველოს სახელით ტა¬ტამ¬ზე ვარლამ ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (ორივე 90 კგ), ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი და ალექ-სანდრე მსხალაძე (+100 კგ) გავლენ.
ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ჩინელი იანჟუ ჰი იქნება, ბოდაველი შვეიცარიელ დომინიკ ჰიშერს დაეჭიდება, ჟორჟოლიანი – იტალიელ ალბერტო ბორინსა და კამერუნელ ფრანკ მუსიმა ევანეს შორის მოგებულს, ცირეკიძე – ირანელ მოიტაბა აკბარს ან რუმინელ დანიელ ბრატას, გუჯეჯიანი – ესპანელ ანხელ პარას, ხოლო მსხალაძე – ტუნისელ ენის ჩედლის.
ძიუდო. ტუნისის დიდი პრიზი.
8 მაისი
კაცები
73 კგ
1 ვოლოდიმირ სოროკა (უკრაინა)
2 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)
3 მურატ კოძოკოვი (რუსეთი)
9 ნუგზარ ტატალაშვილი
(საქართველო)
33 არსენა მაჭარაშვილი
(საქართველო)
81 კგ
1 ოლე ბიშოფი (გერმანია)
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)
3 ჯილომ ელმონი (ჰოლანდია)
3 შოკირ მუმინოვი (უზბეკეთი)
5 ლევან წიკლაური (საქართველო)
17 ხვიჩა ხუციშვილი (საქართველო)
ქალები
57 კგ
1 ოტომნე პავია (საფრანგეთი)
2 საბრინა ფილზმოზერი (ავსტრია)
3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3 მირიამ როპერი (გერმანია)
63 კგ
1 კლაუდია მალზანი (გერმანია)
2 ელიზაბეტ ვილბურდსი (ჰოლანდია)
3 ანიჩკა ემდენი (ჰოლანდია)
3 ურსკა ზოლნირი (სლოვენია)
70 კგ
1 ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია)
2 რასა სრაკა (სლოვებია)
3 ჰოუდა მილედი (ტუნისი)
3 იანა მარცოკი (გერმანია)
ოთარ მაღლაკელიძე







