როდესაც 2010 წელს როჯერ ფედერერმა პლანეტის რეიტინგსიის ლიდერობა დაკარგა, ბევრმა ჩათვალა, რომ შვეიცარიელი მოწინავე პოზიციას ვეღრ დაიბრუნებდა. ფედერერმა ბრწყინვალედ ჩაატარა შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარი, წლევანდელი უიმბლდონის ფინალის წინ კი, გადამწყვეტი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, როჯერი კვლავ მოექცეოდა მსოფლიოს კლასიფიკაციას სათავეში. ასეც მოხდა და ფედერერმა რეიტინგსიის პირველ საფეხურზე ყოფნის ხანგრძლივობით პიტ სამპრასის რეკორდი (285 კვირა) გაიმეორა. ოლიმპიადის დასრულებამდე როჯერი პირველ ადგილს, სავარაუდოდ, არ დათმობს, ამიტომაც სამპრასის მიღწევას გააუმჯობესებს!
ფინალის საწყისი სეტი ენდი მარეის მოგებით 6:4 დასრულდა. დღევანდლამდე მარეის სამჯერ ჰქონდა ნათამაშები სადიდსლემო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში (ორჯერ ავსტრალიის, ერთხელაც აშშ-ის ღია პირველობაზე) და ვერც ერთხელ ვერ მოეხერხებინა სეტის მოგება. მეორე სეტი ფედერერმა 7:5 მოიგო (პარტიის მსვლელობისას მეტოქენი თავთავიანთ მოწოდებებს იგებდნენ, ვიდრე როჯერმა 12-ე გეიმში არ იმარჯვა), შემდეგ კი პაექრობა დახურულ კორტზე გაგრძელდა. იმ დროისთვის მესამე სეტში ანგარიში 1:1 იყო, მესამე გეიმს კი შვეიცარიელი 40:0-ს იგებდა. სეტში გადამწყვეტი მეექვსე გეიმი აღმოჩნდა. იგი დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ ფედერერმა იმარჯვა, ბრეიკი შეასრულა, 4:2 წაიყვანა და სეტიც მოგებამდე მიიყვანა 6:3. მეოთხე პარტიაში მარეი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ფედერერმა დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე (6:4) და კიდევ ერთხელ ტრიუმფით დაასრულა საუიმბლდონო ასპარეზობა.
ფედერერისა და მარეის ურთიერთშეხვედრათა ბალანსი თანაბარი გახდა – ორივეს 8-8 მოგება აქვს, წლევანდელ უიმბლდონზე გამარჯვებით კი როჯერმა 17-ე სადიდსლემო წარმატება იზეიმა. ამით შვეიცარიელმა საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესა.
ასე და ამგვარად, როჯერ ფედერერმა მეშვიდედ მოიგო უიმბლდონის ერთეულთა ტურნირი. ეს 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009 და 2012 წლებში მოხდა. ამ მაჩვენებლით შვეიცარიელი ბრიტანელ უილიამ რენშოუსა (მან უიმბლდონი 1881, 1882, 1883, 1884, 1885, 1886 და 1889 წლებში მოიგო) და პიტ სამპრასს (1993, 1994, 1995, 1997, 1998, 1999, 2000) დაეწია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფედერერმა 2008 წელს უიმბლდონის ფინალში გააღწია, ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი მატჩი კი რაფა ნადალთან წააგო.
ენდი მარეის რაც შეეხება, უიმბლდონზე ნაჩვენები საბოლოო შედეგით იგი უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს. შოტლანდიელმა ხომ პირველად გააღწია ამ ტურნირის ფინალში. ენდის საქომაგოდ ფინალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონიც დაესწრო, 8 ივლისს დილიდან კი მისი რეზიდენციის თავზე, მარეის სოლიდარობის ნიშნად, შოტლანდიის დროშა ფრიალებდა. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაზე, როგორც წესი, მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ერთიანი და ჩრდილოეთ ირლანდიის დროშები აღიმართება.