იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქუთაისის სპორტის სასახლეში პირველ მარტს დაიწყო და 8 მარტს დასრულდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდებს შორის.
ტურნირში ქალაქის სპორტსკოლების გუნდებთან ერთად ახლომდებარე რეგიონებიდან მოწვეული ჭაბუკთა გუნდებიც ასპარეზობდნენ. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში ქუთაისის გოგონათა გუნდიც (მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი) იღებდა მონაწილეობას.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება ქუთაისის ,,მართვემ’’ (მწვრთნელები მერაბ სირაძე და გელა კუხიანიძე), ტყიბულის ,,კურსებმა’’ (მწვრთნელი ვალერი ლომთაძე), სამტრედიის ,,სამტრედიამ’’ (მწვრთნელები ევგენი დოლიძე და ვანო ყურულაშვილი) და ხონის ,,იმერეთმა’’ (მწვრთნელი რომან კაკაურიძე) მოიპოვეს.
პირველ ნახევარფინალურ წყვილში ქუთაისელი და ხონელი ჭაბუკები დაწყვილდნენ. უშეღავათო ბრძოლა ფრედ 1:1 დამთავრდა. პენალტების სერიაში ქუთათურებმა 3:2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, სამტრედიელებმა მეტოქეს ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანეს, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალამდე გამართულ მესამე ადგილის გამოსავლენ მატჩში ,,კურსების’’ ჭაბუკებმა უფრო უკეთ იასპარეზეს, ხონელი თანატოლები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და მე-3 საპრიზო ადგილს დაეუფლნენ.
ფინალურ შეხვედრაში სამტრედიელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ. მათ ქუთათურ ჭაბუკებს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს, ანგარიშით 5:0 იმარჯვეს და ჩემპიონები გახდნენ.
ტურნირზე დაწესებული იყო პრიზები, რომლებიც შემდეგ მოთამაშეებს გადაეცათ:
საუკეთესო მეკარე - რეზო ლომიძე (,,სამტრედია’’)
საუკეთესო მცველი - ბექა ჭოხონელიძე (,,სამტრედია’’)
პერსპექტიული ფეხბურთელი - კოკა კვეტენაძე (,,მართვე’’ ქუთაისი)
ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი - ანა სინატაშვილი (,,მართვე’’ გოგონები)
ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი გოლით გახდა ირაკლი ბალანჩივაძე (,,იმერეთი’’ ხონი)
საუკეთესო ფეხბურთელებს პრიზები იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსმა გიორგი კიკაჩეიშვილმა გადასცა.
ტურნირის დასრულების შემდეგ გათამაშების ორგანიზატორმა, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები და მათი მწვრთნელები თასებით და შესაბამისი სიგელებით დააჯილდოვა.
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური







