კალათბურთი

0:10 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სარაგოსა” ბერლინში დამარცხდა, შერმადინი საუკეთესოა

საკალათბურთო ევროთასის მე-2 ტურში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ბერლინის “ალბას” ესტუმრა და 7 779 მაყურებლის თვალწინ 68:71 დამარცხდა. ქართველთაგან ესპანური კლუბის სასტარტო ხუთეულში მხოლოდ შერმადინი იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტის (16) მიხედვით, გუნდში საუკეთესოც გახლდათ.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:18 წუთი გაატარა და არაგონელებს 14 ქულა, 6 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 პასი შესძინა. შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

თანამემამულისგან განსხვავებით, არცთუ კარგი მატჩი ჰქონდა სანიკიძეს, რომელმაც თამაშიდან 9-დან მხოლოდ 1 ტყორცნა გამოიყენა. ვიქტორი საქმეში 24:51 წუთს გახლდათ და 6-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.

ქართველმა ფორვარდმა 4 ქულას 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა. სანიკიძე ერთხელ შეცდა, 2-ერ დაუფარეს, ამდენივეჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

შერმადინის გარდა, სარაგოსელთაგან ათქულიან ზღვარს მხოლოდ ჯოზეფ ჯონსი გადასცდა. მისი მონაგარი 14 ქულა და 6 მოხსნა იყო. რაც შეეხება “ალბას”, ამ გუნდს დევიდ ლოგანმა (18 ქულა), რეჯი ედინგმა (15) და იონას ვოლფჰარტმა (15) ულიდერეს.

ბერლინელებმა მე-2 გამარჯვება იზეიმეს და ევროთასის D ჯგუფს სათავეში ფრანგულ “გრაველინთან” ერთად ჩაუდგნენ, ქართველთა კლუბი კი თითო მოგება-წაგებით მე-3 ადგილზეა. 30 ოქტომბერს “სარაგოსა” ისევ გერმანიას ეწვევა და ბონში ჯგუფის აუტსაიდერ “ტელეკომს” ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116419