ფეხბურთი

21:07 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: საპასუხო მეოთხედფინალების წინ

 

ხუთშაბათს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. თუ “დილა” – “ტორპედოს” და “დინამო” – “მეტალურგის” წყვილებში ვითარება მეტ-ნაკლებად გარკვეულია, “ჩიხურა” – “სიონისა” და “მერანი” – “შუქურას” შეხვედრებში ჯერაც საინტერესო ინტრიგაა.

ჩიხურა (საჩხერე) –სიონი (ბოლნისი)

20 მარტი. ივანწმინდა. ცენტრალური. 14:30

სპირველი მატჩი: 1:1

ესენი ქვეყნის თასის გათამაშებაში შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ მაშინ ნახევარფინალში. პირველ მატჩში ბოლნისელებმა კოკა მიკუჩაძის პენალტით 1:0 მოიგეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში, ივანწმინდაში 0:2 დამარცხდნენ (გოლები დავით ოდიკაძემ (პენალტით) და გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანეს) და ფინალში “ჩიხურა” გავიდა, სადაც შემდეგ “დინამოსთან” წააგო.

წლეულს კი, მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, “მიხეილ მესხზე” ბოლნისელები ზვიად ლობჯანიძის გოლით იგებდნენ, მაგრამ საჩხერელებმა ლევან ხმალაძის პენალტით გაათანაბრეს და საპასუხო მატჩის წინ ერთგვარი უპირატესობა მოიპოვეს.

საერთოდ კი, მარტი “ჩიხურასთვის” ძალიან ცუდი თვე გამოდგა, ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 3 თამაში წააგო, ჯამში 9 ბურთი გაუშვა და მეორე ადგილი “ზესტაფონს” გადაულოცა. “სიონს” კი გაზაფხულზე 50 პროცენტიანი შედეგი აქვს - 2 მოგება და ამდენივე წაგება.

 

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი)

20 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:30

პირველი მატჩი: 2:1

გორელებმა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსი დაკარგეს და თუ ევროთასებზე გასვლა სურთ, ერთადერთი გამოსავალი თასზე წარმატებით თამაშია. თანაც საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციაა საჭირო. “თასიდან” ევროზონაში მოხვედრაზე არც ქუთაისელები იტყოდნენ უარს, მაგრამ მათი დღევანდელი მდგომარეობოდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა რამე გამოუვიდეთ. მით უმეტეს, რომ მეოთხედფინალის პირველი მატჩი შინ 1:2 წააგეს. თუმცა, ბურთი მრგვალიაო, ჭკვიან ხალხს უთქვამს და ვინ იცის...

 

მერანი (მარტვილი) – შუქურა (ქობულეთი)

20 მარტი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:30

პირველი მატჩი: 0:0

ეს მეოთხედფინალის ყველაზე გაურკვევლი და ბურუსით მოცული წყვილია. პირველი მატჩის ანგარიშიც ამას მოწმობს. “მერანი” უმაღლესი ლიგის, ერთი შეხედვით, უიმედო აუტსაიდერია, ბოლო ადგილზე დგას, ხუთი ქულით ჩამორჩება კონკურენტებს და ახალი მწვრთნელის, ზურაბ იონანიძის ხელმძღვანელობით ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას. “შუქურა” კი პირველი ლიგის “ა” ზონაში ერთ-ერთი ლიდერია, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში გადასვლის პრეტენზია აქვს. თუმცა, თასის მატჩებს თავისი სპეციფიკა აქვს და გამორიცხული არაფერია.

 

 

დინამო (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი)

20 მარტი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

პირველი მატჩი: 2:0

ბოლო ერთი თვის განმავლობაში “დინამო” “მეტალურგს” მესამედ ხვდება. თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში თბილისელებმა რუსთავში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტალურგებს და ფაქტობრივად, გადაწყვიტეს ნახევარფინალისტის ბედი. თუმცა ოთხი დღის წინათ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრაში რუსთაველებმა მოულოდნელად თბილისში მოუგეს “დინამოს.” ამიტომ, არ გვგონია “დინამომ” ზედიზედ მეორედ წააგოს.

“დინამო” “მეტალურგს” შარშანაც ეთამაშა თასის გათამაშებაში, ოღონდ ნახევარფინალში და ორი მატჩის ჯამში 6:2 დაამარცხა. წლევანდელ სეზონში კი უკვე მეოთხედ ხვდება.

0.110902