საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი დავით ზარქუას გამარჯვებით დასრულდა. ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ჩატარებული პირველობის ფინალში, ზარქუამ ლევან ფანცულაიას დამატებით პარტიებში სძლია, მას შემდეგ, რაც ჩემპიონის ვინაობა ვერც ტაი-ბრეიკმა გაარკვია. ზარქუამ ორივე გადამწყვეტი 5-წუთიანი შეხვედრა მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამასთან, საერთო საპრიზო ფონდიდან (14500 ლარი) 4000 ლარი მოიპოვა. მეორეადგილოსან ფანცულაიას კი - 3500 ლარი ერგო. პირველ-მეორე ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა აქედანვე გაინაღდეს.
ფინალამდე ცოტა ხნით ადრე, ბრინჯაოს პრიზიორიც გამოვლინდა - ლუკა პაიჭაძემ ტაი-ბრეიკში გიგა ყუფარაძეს 1,5:0,5 აჯობა და ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსებით გაემგზავრება, ფინალისტებთან ერთად.
“სიმართლე გითხრათ, თავიდან ნახევარფინალში გასვლასაც წარმატებულ შედეგად ჩავთვლიდი, მაგრამ გაცილებით მეტი შევძელი და ძალიან გახარებული ვარ. ჩემპიონატში ბაადურ ჯობავას გარდა, ყველა ძლიერმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ფინალში კი ერთ-ერთ უძლიერესს – ლევან ფანცულაიას შევხვდი” – განაცხადა საქართველოს ჩემპიონმა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ ოქროს მედალი რამდენიმე დღის წინ, ანაკლიაში დასრულებულ ქალთა შორის ქვეყნის პირველობაზე გამარჯვებულ მაია ლომინეიშვილსაც გადასცა.
ოთარ მაღლაკელიძე







