რაგბი

17:13 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ რუსეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთს ზედიზედ მე-12, სულ კი, მე-15 მარცხი აგემა. სოჭში გამართულ შეხვედრაში, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს ორი უპასუხო ლელო გაუტანეს და 23:9 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი უაღრესად დაძაბული გამოდგა. რუსთა ერთ ჯარიმას მერაბ კვირიკაშვილმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხდა და ტაიმი 6:3 დასრულდა, თუმცა, რამდენიმე ხელსაყრელი დარტყმა რუსებმა ვერ გამოიყენეს და ასეთი ანგარიშიც ამან განაპირობა. დაიწყო მეორე ტაიმი და რუსებმა კიდევ ორი ჯარიმა ვერ გამოიყენეს, მერე კვირიკაშვილსაც გაუცუდდა ერთი დარტყმა, 59-ე წუთზე კი, ლაშა ხმალაძის მიერ წამოწყებული კარგი კონტრშეტევა ვიტო კოლელიშვილის ლელოთი დასრულდა.
კვირიკაშვილმა ზუსტ გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა, ოღონდ, შუალედში ჯარიმა რუსებმაც გაიტანეს. მეტოქემ ჩამორჩენა გარდასახულ ლელომდე ჯარიმით ერთხელაც შეამცირა, მაგრამ მატჩის მიწურულს ქართველთა კარგ იერიშს ვერაფერი დაუპირისპირა, მამუკა გორგოძემ მატჩის მეორე ლელო გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 23:9.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები 2013 წლის ერთა თასს და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს უდანაკარგოდ ლიდერობს. “ბორჯღალოსნები” მომავალ შეხვედრას 9 მარტს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109752