ძიუდო

0:57 | 28.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

სანუგეშო ბრინჯაო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ბოლო დღესაც რომ წინა დღეების მსგავსად ეჭიდავათ, პიტერ ზაიზენბახერის გუნდი იმ 107 ქვეყნის ნაკრებს შორის მოხვდებოდა, პარიზული მსოფლიოს პირველობა უქულოდ რომ ჩაამთავრეს. ერთმა მედალმა და ერთმა მე-7 ადგილმა კი საქართველო მამაკაცთა ტურნირის საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-15 პოზიციამდე დააწინაურა. ძიუდოს ტრადიციებიდან გამომდინარე, შედეგი საამაყო ნამდვილად ვერაა, მაგრამ ისევ იმ ოთხ წარუმატებელ დღეს და სრული ფიასკოს რეალურ საშიშროებას თუ გაიხსენებთ, ნაკრების უსუსური ჭიდაობით წახდენილი ხასიათი შეიძლება ოდნავ გამოგიკეთდეთ.
ინდივიდუალური პირველობა მამაკაცთა 100 და +100 და ქალთა +78 კილოგრამი წონითი კატეგორიების წარმომადგენელთა ჭიდაობით დაგვირგვინდა. საქართველოს სახელით ტატამზე ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) გავიდნენ. სამეულში კი ნაკრების ის წევრი შევიდა, რომელმაც ავსტრიელი სპეციალისტის მიერ შედგენილი მოსამზადებელი გეგმის დიდი ნაწილი ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან დამოუკიდებლად გაატარა. გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი პარიზში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კენჭისყრამ ჩემპიონატის ფავორიტთა ნახევარზე მეტი ცირეკიძის ბადეში მოახვედრა. ქართველმა ძიუდოისტმა კი ორ მათგანს დაასრულებინა მედალზე ფიქრი. ტურნირი მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონის, ბრაზილიელი ლუჩიანო კორეას წმინდად ძლევით გახსნა. მესამე წრეში კი მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, იაპონელ ტაკამასა ანაის ჩაუტარა ძიუდოს გაკვეთილი. ჯერ ვაზარი აართვა, ხოლო შემდეგ ბეჭებზეც დასცა. ამ ორ შეხვედრას შორის ერთი ნაკლებადცნობილი მოწინააღმდეგეც დააიპონა – ირანელ ჯავად მაჰჯოუბს 4 იუკო არ აკმარა და საფინალო სირენამდე ოციოდ წამით ადრე იპონიც შეუსრულა. მეოთხედფინალში ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელს, ელკო ვან დერ ხესტს დაეჭიდა და ორთაბრძოლის დასაწყისშივე დააგდო ბეჭებზე. ტატამის მსაჯმა იპონი დააფიქსირა, მაგრამ ასისტენტებთან მოლაპარაკების შემდეგ ვაზარად გადააკეთა და ხესტს შანსი დაუტოვა. მანაც ისარგებლა. ძირითადი დრო ფრედ დაასრულა, ხოლო დამატებითში საშინლად დაქანცული ცირეკიძე საკუთარ წამოწყებულ ილეთზე წამოაგო და რეპეშაჟში გაუშვა. ბრინჯაოს გზაზე ქართველმა ძიუდოისტმა რუსი სერგეი სამოილოვიჩი იუკოთი ჩამოიცილა, ხოლო ეგვიპტელი რამადან დარვიში – ვაზარით.
სწორედ დარვიშმა დაასრულებინა ძირითად ბადეში გამოსვლა ლევან ჟორჟოლიანს. ამ მეოთხედფინალური შეხვედრის ბედი ერთადერთმა შიდომ გადაწყვიტა, არადა შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მსაჯებისგან ორივე ძიუდოისტის თანაბრად გაფრთხილება და დამატებითი დროის დანიშვნა უფრო ობიექტური გადაწყვეტილება იქნებოდა.
მეოთხედფინალამდე ჟორჟოლიანმა სამი მეტოქე დაამარცხა. ჩემპიონატი ლიტველი მარიუს ლაბალაუსკასის ძლევით გახსნა, მერე კი ორ ძლიერ მოწინააღმდეგეს დაასრულებინა ტურნირი. ჰოლანდიელ ჰენკ ხროლს ვაზარ-იუკოთი გასცდა, ბოსნია ჰერციგოვინელ ამელ მეკიჩს კი წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის ლამაზი იპონით აუღო რევანში. სამწუხაროდ, დამამშვიდებელ ეტაპზე გადართულმა პირველსავე მოწინააღმდეგესთან, ლუკაშ კრპალეკთან წააგო 2 იუკოთი და მსოფლიოს პირველობაზე მე-7 ადგილი დაიკავა.
მძიმეწონოსანმა ქართველებმაც გამარჯვებებით დაიწყეს. ოქრუაშვილმა ფილიპინელ ტომოჰიკო ჰოშინას ერთ წუთში აჯობა. ეს უკანასკნელი ფეხებში შესვლის წესის დარღვევის გამო მოხსნეს. ზვიად ხანჯალიაშვილმა კი ჰოშინაზე ძლიერი ძიუდოისტი, სამხრეთკორეელი სო-ვან კიმი სამ წუთში ჩამოიშორა. ეს მოგება ხანჯალიაშვილისთვის ერთადერთი აღმოჩნდა პარიზულ ტატამზე. მეორე წრეში პოლონელ გრჟეგორჟ ეიტელთან წუთნახევარში ბეჭებზე დავარდა.
ოქრუაშვილმა ერთი ეტაპით მეტის გავლა მოახერხა. ყირგიზ იური კრაკოვეცკის იუკოთი აჯობა, მერვედფინალში კი სამხრეთკორეელ სუნგ-მინ კიმთან იუკოთივე წააგო. არადა ერთ ეპიზოდში თავადაც დასცა მეტოქე იუკოზე, მაგრამ უეჭველი გდება რატომღაც არ დაუფიქსირეს.
100 კილოგრამში ჩემპიონი რუსი ტაგირ ხაიბულაევი გახდა, რომელმაც ფინალში ყაზახ მაქსიმ რაკოვს სძლია. მძიმე წონაში კი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალი განმეორდა და ანალოგიური შედეგითვე დასრულდა. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ტედი რინერმა გერმანელი ანდრეას ტოლცერი დაამარცხა და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გახდა.
მძიმეწონოსან ქალებში კი ჩინური ფინალი შედგა და ვენ ტონგის მეექვსედ გაჩემპიონებით დაგვირგვინდა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 28 აგვისტოს გუნდური პირველობა გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს. საქართველო შეჯიბრებას გერმანიასთან დაპირისპირებით გახსნის, გამარჯვების შემთხვევაში კი სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება. თუკი ზაიზენბახერის გუნდი იქაც იყოჩაღებს, ნახევარფინალში ამ ოთხი ნაკრებიდან ერთ-ერთს შეხვდება: ბრაზილია, უზბეკეთი, ალჟირი, ჩინეთი. გაცილებით ძლიერმა ნაკრებებმა - იაპონიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და მონღოლეთმა კი ბადის მეორე მხარეს მოიყარეს თავი და შესაბამისად, საქართველოსა და მათი გზები ფინალამდე არ იკვეთება.

ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
პარიზი
27 აგვისტო


კაცები

100 კგ
1 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)
2 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
3 ირაკლი ცირეკიძე (საქართველო)
3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
7 ლევან ჟორჟოლიანი (საქართველო)

+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
3 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)

ქალები

+78 კგ
1 ვენ ტონგი (ჩინეთი)
2 ქიან ქინი (ჩინეთი)
3 მიკა სუგიმოტო (იაპონია)
3 ელენა ივანიშენკო (რუსეთი)

გუნდური ჩათვლა. კაცები
                        ო ვ ბ V VII

1 იაპონია                   2  2  1  1  0
2 სამხრეთ კორეა     1  0  2  3  0
3 რუსეთი                  1  0  2  1  4
4 საფრანგეთი          1  0  1  1  1
5 უზბეკეთი              1  0  1  0  0
6 საბერძნეთი           1  0  0  0  0
7 ბრაზილია              0  1  1  0  1
8 ყაზახეთი               0  1  0  1  0
9 გერმანია                0  1  0  0  0
9 ჩერნოგორია          0  1  0  0  0
9 ჰოლანდია              0  1  0  0  0
12 აზერბაიჯანი      0  0  1  1  1
13 კუბა                      0  0  1  1  0
14 უკრაინა               0  0  1  0  2
15 საქართველო   0 0 1 0  1

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095571