კალათბურთი

2:04 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე ყველაზე სარგებლიანია

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ახალ წლამდე ბოლოსწინა ტური შედგა, რომელშიც გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის “სარაგოსამ”.

არაგონელები მალაგაში “უნიკახას” ესტუმრნენ და ფავორიტად მიჩნეული მეტოქე 76:67 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ “სარაგოსა” პირველი ტაიმის შემდეგ 14 ქულით აგებდა, თუმცა, მე-2 ნახევარში ჩინებულად გამოიყურებოდა და სეზონში მე-6 გამარჯვება იზეიმა.

შერმადინს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, სანიკიძე კი სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:43 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

საბოლოოდ, სანიკიძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, “სარაგოსამ” კი მე-9 პოზიცია შეინარჩუნა.

ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” “ბასკეტ მანრესა” მიიღო და 78:60 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სევილიელებმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 03:01 წუთი დაჰყო და ყველა გრაფაში ნულიანები ჰქონდა, გარდა ერთისა. ბექას პასივში 1 პერსონალური ფოლი მოვიძიეთ. “კახასოლი” სარაგოსელთა დარად 6-6 მოგება-წაგებით ესპანეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110224