საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამშაბათს პირველად ივარჯიშა ჰელსინკიში. თემურ ქეცბაიას გუნდი, ჯერჯერობით, ჰიკ-ის სათადარიგო მოედანზე ემზადება, ხოლო თამაშის წინა დღეს "ოლიმპიურზე" ივარჯიშებს - სადაც პარასკევს გაიმართება კიდეც თამაში.
"მსოფლიო სპორტი" კიევის "არსენალის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს ფინეთში დაუკავშირდა:
- რას იტყვით მზადების პროცესზე?
- ყველანი ჯანმრთელად ვართ. მადლობა ღმერთს, ტრავმა არავის აქვს. პირობები მშვენიერია: კარგ სასტუმროში დავბინავდით, სტადიონიც ახლოსაა. შესანიშნავი მინდორია. ეგაა, სულ წვიმს და როგორც ამბობენ, თამაშის დღესაც იწვიმებს.
- ფინეთის ნაკრების თამაში თუ ნახეთ?
- დიახ, ვუყურეთ საფრანგეთთან მატჩს, რომელიც 0:1 წააგეს. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, გამართულად თამაშობდნენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მათთან წარმატებით თამაში. თუნდაც, გასვლაზე.
- როგორ ფიქრობთ, ფინეთ-საფრანგეთის თამაშიდან გამომდინარე, რა იქნება ჩვენი ნაკრების კოზირი? რაში უნდა აჯობოთ?
- უპირველესად, ორთაბრძოლები უნდა მოვუგოთ. და რა თქმა უნდა, ორგანიზებული თამაშით უნდა ვაჯობოთ. ეს ეხება როგორც შეტევას, ასევე დაცვას. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი თამაში იქნება. მოსაგებად გავალთ მინდორზე, სხვაგვარად გამორიცხულია.
- ფინელი ფეხბურთელების წინააღმდეგ ნათამაშები გაქვთ. მაგალითად, რომან ერიომენკო კიევის "დინამოში" იყო. რას იტყვით მასზე?
- რომან ერიომენკო ნაკრების ლიდერია. ძალიან კარგი ფეხბურთელია. ამასთან, კიევის "არსენალში" მყავს ფინელი თანაგუბდელი ველი ლამპი, რომელსაც ტრავმა აქვს და გამოძახებული არაა. ბევრი ვილაპარაკეთ 12 ოქტომბრის თამაშზე.
- ჰელსინკიში საფეხბურთო აჟიოტაჟი თუ შეიმჩნევა?
- არანაირი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არაფერი შეგვიმჩნევია, მაგრამ როგორც გავიგეთ, გულშემატკივრები მრავლად დადიან ფინეთის ნაკრების თამაშებზე.
- ქართველი გულშემატკივრები ხომ არ მოსულან ვარჯიშზე?
- არა. შესაძლოა, მოვიდნენ. ვფიქრობ, თამაშის დროს იქნებიან.
ილია ნანობაშვილი







