სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, ვინაც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა შეძლო. 19 წლის სპორტსმენმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში ახალი ფურცელი გუშინ ჩაწერა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა ასაკობრივ ევროპირველობაზე.
ბაზაძემ ჯგუფში ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოიგო. იტალიელ ალესანდრო რიკარდოს 5:4 სძლია, ბულგარელ პანჩო პაშკოვს, დანიელ სებასტიან ბრიგსტრუპს, აზერბაიჯანელ საბირ ზეინალოვსა დაპოლონელ იაკუბ ოჩუნსკის ერთნაირი ანგარიშით - 5:2 აჯობა და მხოლოდ ბელარუს ანტონ დავიდენკასთან დამარცხდა (3:5), რის შემდეგაც პლეი ოფში გადაერთო და საჩემპიონო გზაზე კიდევ ხუთი გამარჯვება მოიპოვა.
მეთექვსმეტედფინალში უნგრელი მარტინ ზინგერი ჩამოიშორა (15:7), მერვედფინალში – ბელარუსი სერგეი კისელი (15:4), მეოთხედფინალში – რუსი ვიაჩესლავ ისკანდაროვი (15:10), ნახევარფინალში – რუსი კამილ იბრაგიმოვი (15:10). ეს უკანასკნელი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია.
ფინალში კი სანდრო ბაზაძემ საოცარი ბრძოლა გადაიტანა უკრაინელ კონსტანტინ ვორონოვთან. ქართველი მოფარიკავე 10:12-ს აგებდა, როდესაც მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის გამოც ყვითელი ბარათით დაისაჯა და ქულა ვორონოვს მიენიჭა. მალე უკრაინელი 14:11 დაწინაურდა, მაგრამ ბაზაძემ ზედიზედ ოთხი ქულა აიღო, 15:14 იმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშინ ევროპირველობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ორი წევრი ჩაერთო. მიხეილ მარდალეიშვილი ჯგუფიდან ოთხი მოგებით გავიდა, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში გერმანელ რუვენ რედვანზთან წააგო. ასევე პლეი ოფის პირველ წრეში მოეცარა ხელი საბა სულამანიძეს, გერმანელ მაქსიმილიან კინდლერთან.
დღეს ბუდაპეშტში ევროპის გუნდური პირველობა გაიმართება.







