ფეხბურთი

18:30 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანახაობრივი ბრძოლა “ჩიხურამ” მოიგო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ივანწმინდაში შედგა, სადაც საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილას” უმასპინძლა. გასულ ტურში, ორივე გუნდმა თავის სასარგებლოდ დაასრულა პაექრობა. საჩხერლებმა შინ 2:1 სძლიეს რუსთავის “მეტალურგს”, ხოლო გორელებმა სტუმრად, თუმცა ნეიტრალურ მოედანზე, ქუთაისში დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს “ზუგდიდი”. შიდაქართლელებთან მატჩს მასპინძლები სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. დისკვალიფიკაციის გამო, შეხვედრას ოდიკაძე და ჩიკვაიძე ტოვებდნენ. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ივანწმინდაში წვიმამ გადაიღო, მაგრამ სველ მოედანს შეხვედრაში თავისი კორექტივები მაინც შეჰქონდა.   

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით და სახიფათო მომენტებით დაიწყო. უკვე მე-4 წუთზე, ზემო იმერლები ახლოს იყვნენ გატანასთან, როდესაც დეკანოიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს მისადგომებიდან, მახხვილი კუთხიდან კუჭუხიძემ ძლიერად დაარტყა. გორელთა კარის დარაჯმა შეყრილაძემ, ბურთი მოიგერია, რომელიც ქარქუზაშვილმა მკერდით ისევ კიპერს დაუგდო. თითქოს სიტუაცია უმტკივნეულო იყო, მაგრამ შეყრილაძეს სველ მინდორზე ფეხი დაუცდა და ბურთიც კარისკენ მიგორავდა. ადამაძემ შეძლო კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა და საკუთარი გუნდის აშკარა გოლისგან გადარჩენა. თითქმის მაშინვე, ქიმაძის ჩაწოდების შემდეგ, ლაშა ჭელიძე ურტყამდა მაღალ ნახტომში თავურს, მაგრამ შეყრილაძეს ამ შემთხვევაში პოზიცია სწორად ჰქონდა არჩეული და ბურთის აღებაც არ გაჭირვებია. მე-8 წუთზე ქიმაძემ ითამაშა მოწინააღმდეგის საჯარიმოში დიდებულად, როდესაც ცრუ მოძრაობებით თავბრუ დაახვია რამდენიმე მეტოქეს და მახვილი კუთხიდან ცაციათი სცადა გატანა, მაგრამ საბოლოო დარტყმა აღარ გამოუვიდა.

სადებიუტო მღელვარების შემდეგ, სტუმრებმა თამაშის გათანაბრება მოახერხეს. მე-14 წუთზე მათ პირველად დაარტყეს საჩხერელთა კარისკენ: მახვილი კუთხიდან ფალავანდიშვილი ურტყამდა ძლიერად და მოჭრილად, მაგრამ არაზუსტად. ცოტა ხანში, ასევე არაზუსტად დაარტყა ქვილითაიას დასაცავი ობიექტისაკენ რაზმაძემ თავური. გორელთა მცირეხნიანი გამოცოცხლების შემდეგ, მატჩის სადავეები ისევ მასპინძლებმა აიღეს და 25-ე წუთზე “ჩიხურას” ფეხბურთელებმა დაწინაურება მოახერხეს. მათი მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, შიდაქართლელებმა ბურთის ცენტრამდე ამოტანა შეძლეს, რომელიც ლაშა ჭელიძეს მიუვიდა. საჩხერელთა ცენტრალურმა მცველმა, ზუსტი გადაცემით კუჭუხიძე მოძებნა, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს მცველებს შორის მყოფი ჯიღაური მიწვდა ყველაზე დროულად და მაღალ ნახტომში თავური დარტყმით, შეყრილაძეს შანსი არ დაუტოვა – 1:0.

გოლის შემდეგ თამაში მცირე ხნით ჩაწყნარდა. მართალია, თამაშის ტემპი არ დავარდნილა, მაგრამ სახიფათო მომენტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. 36-ე წუთზე, ღონღაძის ფლანგური გარღვევის და ჩაწოდების შემდეგ, ბურთი კორიფაძეს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლად დარტმას, მიღება და შემდეგ მახვილი კუთხიდან დარტმა ამჯობინა. ბურთი “დილას” კარის მარცხენა ძელს უკან ბადეს მოხვდა. ტაიმის ბოლოს კი, კუჭუხიძემ საკუთარი ნახევრიდან შორეული, თუმც გამოზომილი პასით, გარღვევაზე დეკანოიძე გაიყვანა, რომელმაც ცაციათი მეტისმეტად არაზუსტად დაარტყა და პირველი ნახევარიც ამით დასრულდა.  

მეორე ტაიმი სტუმრების აქტიურობით დაიწყო და შიდაქართლელებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. მანამადე, მოედანზე შესვენების შემდეგ გამოსული ბერიძე აქტიურობდა, როდესაც ღონღაძის წაქცევით ისარგებლა. გიორგიმ გამჭოლი გადაცემა გააკეთა სეთურიძის მიმართულებით, მაგრამ ბურთი ერთ-ერთ მცველს შეეხო და კუთხურზე გადავიდა. კვეკვესკირის ჩაწოდებულ კუთხურზე, ყველაზე მარდი ქარქუზაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც თავურით წონასწორობის აღდგენა ისე შეძლო, რომ ქვლითაიას შანსი არ ჰქონია – 1:1. ცოტა ხანში, ისევ ბერიძე იყო გამორჩეული, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან კარგად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ჩაუწოდა მოდებაძეს, რომელიც მცველების გარემოცვაში იყო და ბურთზე შეხება ვეღარ მოახერხა.

საერთოდ, მეორე ნახევარი უფრო თვალსასეირო და სანახაობრივი გამოდგა. მასპინძლებმა ცოტათი დაგვიანებით დაიბრუნეს უპირატესობა. 55-ე წუთზე დეკანოიძემ დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად. ბურთი ფეხზე შეეხო ერთ-ერთ მცველს და ხარიხას უკან ჩაეშვა. 59-ე წუთზე კი, საჩხერლებმა სტანდარტული სიტუაციიდან დაწინაურების კარგი შანსი გაუშვეს ხელდან. საჯარიმო დარტყმა კორიფაძემ შეასრულა, რომელმაც ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩააგდო, სადაც ყველას ჭელიძემ დაასწრო, რომელიც დაახლოებით  6-7 მეტრიდან თავურით ურტყამდა. ამ შემთხვევაშიც შეყრილაძეს პოზიცია სწორად ჰქონდა შერჩეული, თუმცა ლაშას ბურთისთვის სხვა მიმართულება რომ მიეცა, მაშინ გორელთა კიპერი უძლური იქნებოდა.  

73-ე წუთზე ღონღაძის ჩაწოდების შემდეგ, გორელთა საჯარიმოში ბურთი ჯიღაურმა მიიღო, რომელმაც ბურთი დაამუშავა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა მისი მცდელობა არაზუსტი გამოდგა. ცოტა ხანში, გორელებმა საპასუხო დარტყმა შეასრულეს. ამ შემთხვევაშიც დიდებულად ითამაშა ბერიძემ, რომელმაც ორი მეტოქე ჩამოიშორა და ბურთი დასარტყამად კვეკვესკირს დაუგდო, რომლის ძლიერი დარტყმა საჩხერელ მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. სტუმრებმა კუთხურიც აზრიანად გაითამაშეს და ალბათ, ხიფათსაც შექმნიდნენ, რომ არა ქვილითაიას სწორი თამაში. “ჩიხურას” კიპერმა დროულად მოახდინა ბურთზე ჩაწოლა და ხიფათიც განმუხტა.

79-ე წუთზე “დილას” კარში კურიოზული გოლი გავიდა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კორიფაძემ ჩააწოდა კუჭუხიძის მიმართულებით. საერთოდ, “ჩიხურას” მძიმე ფორვარდის წინააღმდეგ, მოწინააღმდეგის მცველებს თამაში უჭირდათ. Iს საუკეთესო გახლდათ მოედანზე და გოლიც მისი აქტიურობით გავიდა. კორიფაძის ჩაწოდებულზე დასწრებაზე ცადეს მცველებმა თამაში, ამ დროს, ბურთი ადამაძეს შეეხო და შეყრილაძის დასაცავი ობიექტისაკენ წავიდა. მართალია, კიპერმა ნახტომი შეასრულა, მაგრამ საკუთარი გუნდი ვეღარ გადაარჩინა – 2:1.

საეპილოგო დროში, საჩხერლებს საკუთარი თავისთვის მოდუნების უფლება აღარ მიუციათ. გორელთა შეტევების ჩაშლას იოლად ახერხებდნენ და თავად სწრაფ კონტრშეტევებს ახორცელებდნენ. ერთადერთხელ, არბიტრის დამატებულ დროში, საჩხერელთა საჯარიმოში მყოფმა ბერიძემ მიიღო ბურთი და დარტყმის განხორციელება სცადა, მაგრამ ბურთს ზუსტად ვერ მოარტყა და ისიც ქვილითაიას იოლი ნადავლი გახდა. მცდელობების მიუხედავად, სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ, ხოლო საჩხერლები კუჭუხიძის და ჯიღაურის მეთაურობით ბურთს მშვენივრად ინარჩუნებდნენ და დაძაბული თამაშიც, მოგებამდე მშვიდობიანად მიიყვანეს.   

უჩა სოსიაშვილი (დილა) – “დღეს ჩვენ გვყავდა მეტოქე, რომელიც ბოლო ორი წელიწადია რეგულარულად გამოდის ევროპის ლიგაზე. წელს ვიცით თუ რა წარმატებით ითამაშა “ჩიხურამ. მუხედავად ამისა, ვფიქრობ დღეს ღირსეულად ვითამაშეთ და ჩემი აზრით მოგებაც შეგვეძლო”.

სოსო ფრუიძე (ჩიხურა) – “ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქესთან გვიწევდა ურთიერთობა, რომელსაც ახალგაზრდა ნიჭიერი მწვრთნელები უდგანან სათავეში. დაძაბული და საინტერესო ბრძოლა გამოვიდა. ვფიქრობ მაყურებლებმა ისიამოვნეს. მოგება დავიმსახურეთ, თუმცა ბოლოში იღბალი ჩვენს მხარეს იყო”.

 

 

ჩიხურა - დილა 2:1 (1:0)

21 სექტემბერი. 16:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”.  800 მაყურებელი

ჩიხურა: ქვილითაია, თეიმურაზ ღონღაძე, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური, ქიმაძე, სიხარულია (ბაჯელიძე, 83), კუჭუხიძე, კორიფაძე (მუმლაძე, 89), დობროვოლსკი, კაშია, დეკანოიძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე 

დილა: შეყრილაძე, ადამაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, კვეკვესკირი, რაზმაძე, ფალავანდიშვილი (არაბული, 81), სეთურიძე, ერისთავი (ერისთავი, 46), მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლები: 1:0 ჯიღაური (27), 1:1 ქარქუზაშვილი (50), 2:1 ადამაძე (საკუთარ კარში).  

გაფრთხილება: ქიმაძე (29), ქარქუზაშვილი (35), ფალავანდიშვილი (52), ღონღაძე (66), დობროვოლსკი (72), კორიფაძე (87).    

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

თეგებიდილაჩიხურა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121354