კალათბურთი

14:11 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიოს” ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს

გრეგ პოპოვიჩის მიერ დარიგებულმა “სან ანტონიო სპურზმა” “მაიამი ჰითს” ფინალური სერიის ორი გასვლითი მატჩი ჯამში 40 ქულის სხვაობით მოუგო და სერიაში 3:1 დაწინაურდა, შესაბამისად, მე-5 საჩემპიონო ტიტულამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს.

ტეხასელებმა გასული მატჩი 107:86 მოიგეს და ეს, მიმდინარე პლეი ოფში მე-11 თამაში გახლდათ, რომელშიც გუნდმა 15 და მეტი ქულის სხვაობით იმარჯვა. აქამდე, რეკორდული მაჩვენებელი “ლოს ანჟელეს ლეიკერსს” ეკუთვნოდა, რომელსაც 1984-85 წლების პლეი ოფში 10 მსგავსი შეხვედრა ჰქონდა.

ისიც ვთქვათ, რომ ლიგის ისტორიაში ჩემპიონი არასდროს გამხდარა გუნდი, რომელიც სერიაში 1:3 ჩამორჩებოდა. მოკლედ, ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი “ჰითი” ურთულეს მდგომარებაში იმყოფება, მითუმეტეს, რომ მომდევნო მატჩის ჩატარება სან ანტონიოში მოუწევს.

“მხოლოდ 48 საათი გვაქვს, რომ გონს მოვეგოთ. მეტოქე სწორედ იმ კომპონენტებში გვჯაბნის, რომლებიც ჩვენს ძლიერ მხარედ ითვლებოდა. თამაშის რიტმის პოვნას მოედნის ვერცერთ ნახევარზე ვახერხებთ”, - აღნიშნა ფლორიდელთა დამრიგებელმა ერიკ სპოელსტრამ, რომელიც გასული ჯახის შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, გაწბილებული იყო.

ცხადია, შეგირდების გარჯით კმაყოფილი გახლდათ ტეხასელთა თავკაცი გრეგ პოპოვიჩი, რომელმაც ვიზავის მასტერ-კლასი ჩაუტარა. “გასვლითი მატჩები ნამდვილად კარგად ჩავატარეთ. ახლა, შინ ვბრუნდებით და ასევე მობილიზებულად უნდა ვითამაშოთ”.

პოპოვიჩის და მთლიანად “სან ანტონიოს” ბედად, სწორედ საჭირო ჟამს გაიბრწყინა კავაი ლეონარდმა, რომელმაც პირველ ფლორიდულ შეხვედრაში 29 ქულა ჩააგდო, ახლა კი, 20 ქულა, 14 მოხსნა, 3 დაფარება და 3 პასი მიითვალა და სტუმართა მხრიდან ისევ საუკეთესო გახლდათ.

მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ESPN-ის რეპორტიორმა სტიუარტ სკოტმა კავაის ორიგინალური კითხვა დაუსვა: “ვინ ხართ თქვენ?”. პასუხიც შესაბამისი იყი: “კავაი ლეონარდი, “სან ანტონიო სპურზის ფორვარდი”, რომელიც ჩემპიონატის მოგებას ცდილობს”.

ცხადია, მხოლოდ ლეონარდი ვერაფერს გახდებოდა, სტუმართა აღიარებულ ლიდერებსაც რომ შესაბამისად არ ეთამაშათ. ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა 19 ქულა ჩააგდო, უბერებელმა ვეტერანმა ტიმ დანკანმა კი მორიგი ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა და ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა.

38 წლის ფორვარდმა პლეი ოფში დაფიქსირებული დაბლ-დაბლების მიხედვით მეჯიკ ჯონსონის მიღწევა გადაფარა, მოედანზე გატარებული წუთებით კი კიდევ ერთ ლეგენდარულ კალათბურთელ კარიმ აბდულ-ჯაბარს გადაუსწრო. ახლა, დანკანის მონაგარი 8 869 წუთი (აბდულ-ჯაბარის 8 851-ს საპირისპიროდ) და 158 ორმაგი დუბლია (ჯონსონს 157 ჰქონდა).

“შინ ვბრუნდებით და სერიის საკუთარ კედლებში დასრულების შანსი გვაქვს. ცუდი პერსპექტივა ნამდვილად არ გახლავთ. “მაიამი” საჩემპიონი გუნდია და ისინი დანებებას არ აპირებენ, ამდენად, კვირას ბოლომდე დაიხარჯებიან. იმედი მაქვს, აღნიშნულის მიუხედავად, საქმეს ტეხასშივე მოვითავებთ”, - განაცხადა დანკანმა.

ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს “ჰითის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ამჯერად 28 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, თუმცა, თანაგუნდელთაგან შესაბამისი დახმარება ვერ მიიღო. დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა თამაშიდან განხორციელებული 24 ტყორცნიდან 16 ააცილეს და მასპინძლებიც მარცხისთვის გაიწირნენ.

“სპურზმა” უბრალოდ გაგვანადგურა. ისინი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. მეტოქე ბურთს ჩინებულად ანაწილებდა. ამდენი პრობლემა ჩვენთვის არცერთ მეტოქეს არ შეუქმნია. თუმცა, სერია ჯერ არ დასრულებულა. იმდენი სიამაყე და საკუთარი თავის პატივისცემა გაგვაჩნია, რომ საბოლოო მარცხზე არავინ ვფიქრობთ”, აღნიშნა “მეფე ლებრონმა”, რომლის გუნდიც სერიის მე-5 მატჩს სან ანტონიოში 15 ივნისს ჩაატარებს.

 

მაიამი – სან ანტონიო 86:107 (17:26, 19:29, 21:26, 29:26)

მაიამი: ჯეიმსი (28 ქ. 8 მ.), ბოში (12 ქ.), უეიდი (10 ქ.), ჩალმერსი (4 ქ.), ლუისი (2 ქ.); ჯონსი (11 ქ.), ალენი (8 ქ.), ანდერსენი (5 ქ.), კოული (4 ქ.), ჰასლემი (2 ქ.), დუგლასი, ბატიე, ოდენი.

სან ანტონიო: ლენარდი (20 ქ. 14 მ.), პარკერი (19 ქ.), დანკანი (10 ქ. 11 მ.), გრინი (9 ქ.), დიაო (8 ქ. 9 მ. 9 პ.); მილსი (14 ქ.), ჯინობილი (7 ქ.), სპლიტერი (6 ქ.), ბელინელი (4 ქ.), ეირსი (3 ქ.), ბონერი (3 ქ.), ჯოზეფი (2 ქ.), ბეინსი (2 ქ.).

სან ანტონიო იგებს სერიას 3:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111639