საბერძნეთის ქალაქ კორინთიაში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "Isthmia" 2011, სადაც საქართველოს ღირსებას დავით ჯოჯუა (2505), კონსტანტინე შანავა (2535) და ლელა ჯავახიშვილი (2469) იცავენ.
ექვსი ტურის თავზე 5.0 ქულით ტურნირს რუსი სერგეი ვოლკოვი (2607) და მოლდოველი დმიტრი სვეტუშკინი (2576) ლიდერობენ, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ჯოჯუასა და შანავას გააჩნიათ. ისინი, 4.5-4.5 ქულით, შესაბამისად მეთერთმეტე და მეთორმეტე ადგილებზე იმყოფებიან. ლელა ჯავახიშვილის აქტივში 4.0 ქულაა და იგი მეოცეა, ქალთა შორის კი პირველ პოზიციას ინარჩუნებს.
მეშვიდე ტურში შანავა თეთრი ფიგურებით უკრაინელ ვლადიმირ ბაკლანს (2620) ეთამაშება, ჯოჯუა და ჯავახიშვილი კი შავებით გაირჯებიან, შესაბამისად, თურქი სუატ ატალიკისა (2619) და ბელორუსი სერგეი კასპაროვის (2503) წინააღმდეგ.
ესპანეთში მიმდინარე XIII OPEN INTERNACIONAL DE SANTS-ს ოთხუი ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგით ცხრა მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა შორის ქართველები არ არიან. ლევან აროშიძეს (2575) 3.0 ქულით 44-ე ადგილი უკავია, ხოლო ანა მათნაძე 2.5 ქულით 88-ეა.









