საფრანგეთში გრძელდება საერთაშორის ტურნირი OPEN INTERNATIONAL DE BETHUNE 2010, რომელიც რამდენიმე კატეგორიაში მიმდინარეობს, საქართველოს კი სამი მოჭადრაკე – ბელა ხოტენაშვილი (2426), მალხაზ სულაშვილი (2490) და თორნიკე სანიკიძე (2558) წარმოადგენს.
ცოტა უცნაური კია, თუმცა, ქალთა ტურნირში მხოლოდ ოთხი მოჭადრაკე ასპარეზობს, რომლებიც ერთმანეთს ორ-ორჯერ ეთამაშებიან. ხოტენაშვილის მეტოქეები პოლონელი მონიკა სოცკო (2495), გერმანელი ელიზაბეტ პაეტი (2474) და ფრანგი სოფი მილიე (2375) არიან.
ბელას საწყის ტურებში შავი ფიგურებით ასპარეზობა მოუხდა. მან მილიეს სძლია, პაეტთან კი მარცხი განიცადა და ახლა, 1.0 ქულით მესამეზეა. მომდევნო ტურში ხოტენაშვილი თეთრებით სოცკოს ეთამაშება, რომელსაც ორივე პარტია მოგებული აქვს.
სამ კატეგორიად მიმდინარეობს ვაჟთა ტურნირი, ქართველები კი კიდევ 112 მოჭადრაკესთან ერთად, A ჯგუფში თამაშობენ. 4 ტურის თავზე სულაშვილის აქტივში 3 მოგება და 1 ფრეა და იგი 3.5 ქულით მე-6 ადგილზეა, სანიკიძემ კი ორ გამარჯვებას ყაიმი და მარცხი შეუნაცვლა და 2.5 ქულით 33-ეა.
ფრანგული ტურნირის ლიდერი ინდოელი როი ჩოუდჰურია (2448), რომელმაც ოთხივე პარტიის მოგება შეძლო.
სულ ტურნირის საპრიზო ფონდი 12 ათას ევროა, საიდანაც ვაჟთა შორის უძლიერესი 1 500-ს მიიღებს, ქალთა კვარტეტში გაჩემპიონებულს კი 500 ევრო ერგება.







