დიუსელდორფის “დიდი პრიზის” პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მინიმუმ ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. წინასწარი შეხვედრების ჩამთავრების შემდეგ რეპეშაჟის ფინალში სამი ქართველი გავიდა და ორი მათგანი: 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილი და შალვა ქარდავა ბრინჯაოს მედლის მფლობელს ურთიერთშეხვედრაში გამოავლენენ.
შავდათუაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა, იაპონელ მასაში ებინუმასთან წაგების შემდეგ. ქარდავა კი დამამშვიდებელ ეტაპზე ასევე იაპონელ მასააკი ფუკუოკასთან მარცხის გამო მეოთხედფინალიდან გადაერთო.
საპრიზო სამეულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს ამირან პაპინაშვილსაც (60 კგ). ქართველი მსუბუქწონოსანი გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ ასხატ ტელმანოვს დაეჭიდება. რეპეშაჟის ფინალში გადართვამდე პაპინაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან ვეღარას გახდა.
დღესვე გერმანულ ტატამზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ზურაბ ნოზაძე და ამბაკო ავალიანიც (ორივე 73 კგ) გავიდნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსიც უმალ დაკარგეს.
დასკვნითი ორთაბრძოლები თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება და ტელეკომპანია GMG-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.







