საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პარიზის “დიდი სლემის” პირველი დღე ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. კვარცხლბეკზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი ავიდა. ქართული გუნდის მეორე მსუბუქწონოსან ბეთქილ შუკვანსა და 73 კილოგრამში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილს კი, სამეულამდე ორ-ორი შეხვედრის მოგება დააკლდათ.
ტურნირის ორგანიზატორებმა შეჯიბრების ფორმატი შეცვალეს და თუკი, წინა წლებში ნახევარფინალამდე წაგებული უმალ უმედლოდ რჩებოდა, ამჯერად, სხვა შეჯიბრებების მსგავსად, რეპეშაჟის წესი შემოიღეს. ეს რომ არა, ქართველი ძიუდოისტებისთვის ყველაფერი მეოთხედფინალით დასრულდებოდა.
პაპინაშვილი საქმეში მეორე წრიდან - მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, მაროკოელ იასინე მუდატირთან შეხვედრით, რომელიც სამიოდ წუთში მტკივნეული ილეთით მოიგო. მონღოლ ხერლან განბოლდს ორი იუკოთი გასცდა. ოქრო-ვერცხლის შანსი კი რუს ბესლან მუდრანოვთან დაკარგა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმს გამარჯობის თქმა არ აცალა – პირველსავე წუთზე გააკრა ტატამს, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში”, ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის სამ წუთში შეუსრულა ეფექტური წმინდა გდება.
მსუბუქ წონაში მოჭიდავე მეორე ქართველმა, ფრანგულ ტატამზე გამოსვლა რეპეშაჟის ნახევარფინალში, მასპინძელ სოფიან მილუსთან მტკივნეული ილეთით წაგებით დაამთავრა. შეგახსენებთ, სწორედ მილუსთან იწვნია შუკვანმა დასანანი მარცხი ლონდონურ ოლიმპიურ თამაშებზე, საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე. პარიზში რევანშს ამაოდ ველოდით.
დამამშვიდებელ ეტაპზე გადასვლამდე, ბეთქილ შუკვანმა სამი შეხვეხდრა ჩაატარა. უნგრელ ლასლო ბურიანს გაფრთხილებებით 2:1 სძლია, ებრაელ არტემ არშანსკის იუკოთი გასცდა, სამხრეთკორეელ ჯინ-მინ იანგთან კი, საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე მტკივნეულ ილეთზე მოჰყვა. იმ დროისთვის, იანგი ვაზარს იგებდა, მაგრამ პარალელურად სამი შიდო ჰქონდა მიღებული და მოხსნის საშიშროების წინაშე იდგა. მით უმეტეს, რომ შუკვანი აქტიურად უტევდა. ბოლოს, სულაც ვაბანკზე წავიდა და კონტრ-ილეთზეც წამოეგო.
ზებედა რეხვიაშვილმა ტურნირი ჰონგკონგელი იპ ჩი ჩენგისთვის წუთნახევარში შესრულებული ულამაზესი გდებით გახსნა. მერვედფინალში კი, რუს მურატ კოძოკოვს ნახევარსაათიან ინტერვალში ორჯერ ეჭიდავა. ჯერ იყო და, უილეთოდ ჩამთავრებულ ხუთწუთეულში გაფრთხილებებით აჯობა, მაგრამ კოძოკოვის აზრით, მსაჯმა შიდოები არასწორად დათვალა. გამარჯვებულად რეხვიაშვილი გამოაცხადეს, მაგრამ ნახევარ საათში ძიუდოისტებს ტატამზე ოქროს დროში საჭიდაოდ მაინც უხმეს. საბოლოოდ, მეოთხედფინალში მაინც ჩვენებური გავიდა, ამჯერად იუკოდ შეფასებული გდებით.
მომდევნო შეხვედრის ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, ოღონდ უკვე ზებედა რეხვიაშვილის მეტოქის, უხვტიტულა მონღოლის, ცაგაანბაატარ ხაშბაატარის სასარგებლოდ. რეპეშაჟში გადართულ ქართველ ძიუდოისტს, ბრინჯაოსკენ მიმავალი გზა ბელგიელმა დირკ ვან ტიჩელტმა იპონით ჩაუკეტა.
დღესვე, კიმონოები ტრისტან ფეიქრიშვილმა, თორნიკე თათარაშვილმა (ორივე 66 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილმაც მოირგეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ. ფეიქრიშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი ტუნისელი ჰოუსემ ხალფაუი გამოდგა. თათარაშვილი კანადელ პატრიკ განიეს 18 წამში გასცდა, ამ უკანასკნელის მიერ ფეხში შესვლის წესის დარღვევის გამო. შემდეგ კი, სამხრეთკორეელ იუნ-ჰო ჩოსთან ორჯერ დავარდა იუკოზე. ტატალაშვილმა კი, ჰაიტელი რობენსონ ბეუჩიჩაუს დაიპონების შემდეგ, მერვედფინალში დექს ელმონთან იუკოთი წააგო.
ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლაშა გურული, დავით ლორიაშვილი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ) იჭიდავებენ.
ჭრიკიშვილი (81 კგ) პირველ წრეში ყველაზე დიდი ინტერესით სერბი ალექსეი ნეფედოვისა და სეიშელის კუნძულების ნაკრების წევრ ლესლი ფილოეს ბრძოლას დააკვირდება, რადგან მეთექვსმეტედფინალში, სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.
ლიპარტელიანი (90 კგ) “დიდ სლემს” რუს ვიქტორ სემენოვთან დაჭიდებით გახსნის. მერვედფინალში კი, ამ წყვილიდან გასული, აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვსა და რუმინელ ვალენტინ რადუს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, გაჰრამანოვმა გასულ უქმეებზე თბილისის სპორტის სასახლეშიც იჭიდავა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ლორიაშვილს (100 კგ) პირველივე მეტოქედ ებრაელი ორ სასონი ერგო, ვისთანაც თბილისურ ტურნირზე ნახევარფინალში დამარცხდა. თუ რევანშს შეძლებს, მერვედფინალში ფრანგ ტიერი ფაბრესა და გერმანელ დინო პფაიფერს შორის მოგებულს შეხვდება. მეოთხედფინალში კი შეიძლება ერთ-ერთ ფავორიტს, უზბეკ რამზიდინ საიდოვს შეხვდეს.
გურულს (100 კგ) არანაკლებ მძიმე ბადე შეხვდა. ალჟირელი ლიეს ბუიაკუბის ძლევის შემთხვევაში, მონღოლი ტემუულენ ბატულგას პირისპირ დადგება, ხოლო მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მოწინააღმდეგეებს შორის, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ილიას ილიადისი, გერმანელი დიმიტრი პეტერსი და ფრანგი კირილ მარე არიან.
ოქრუაშვილი (+100 კგ) ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება, ფრანგ ჟან-სებასტიან ბონვუასინსა და მონღოლ სუგარიარგალ ბოლდპურევს შორის უძლიერესთან შეხვედრით. თუ მოუგებს, შემდეგ, სავარაუდოდ, კუბელ ოსკარ ბრისონს გადაეყრება. მეორე ქართველი მძიმეწონოსანი ზაქარიაძე პირველივე წრიდან დაიწყებს, ყაზახ რუსლან აბდრაზაკოვთან ბრძოლით. ამ წყვილიდან გასულს კი, სამხრეთკორეელი სუნგ-მინ კიმი ელის.
ძიუდო
დიდი სლემი
პარიზი
9 თებერვალი
60 კგ
1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2 ჯინ მინ იანგი (სამხრეთ კორეა)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
7 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
66 კგ
1 დავიდ ლაროშე (საფრანგეთი)
2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)
3 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)
3 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
73 კგ
1 ცაგაანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი)
2 ბრუნო მენდონსა (ბრაზილია)
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)
3 შოჰეი ონო (იაპონია)
7 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე







