ძიუდო

22:50 | 19.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

სამი მედალი და გუნდური მესამე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის დიდი პრიზი სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა და მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ სამხრეთ კორეას და გერმანიას ჩამორჩა. ბეთქილ შუკვანის (60 კგ) ბრინჯაოს, ტურნირის მეორე დღეს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ოქრო მიამატა, ხოლო ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) ვერცხლი.
დიდი ხანია, ვარლამ ლიპარტელიანს ასე დამაჯერებლად არ უჭიდავია. საწყის ეტაპზევე გამოჩნდა, რომ ევროპის ორგზის ფინალისტი ქართველი დიუსელდორფის დიდი პრიზის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იყო. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ქართულ სამწვრთნელო შტაბში ბორის ფირცხელიანის გამოჩენაც. სპეციალისტის, რომლის ხელშიც ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდულ ასაკში ლამის ყველა ტიტული მოიგო.
ლიპარტელიანის საჩემპიონო გზა მოლდოველი ივან რემარენკოს ძლევით დაიწყო. შეხვედრა სულ რაღაც 37 წამს გაგრძელდა. შემდეგ ქართველის იპონები თავის თავზე მონღოლმა ენხბატ ერდენებილეგმა, აზერბაიჯანელმა ელხან მამადოვმა და ფრანგმა ივ მეთიუ დაფრევილმა იწვნიეს. ფინალში კი ვარლამმა სამხრეთკორეელ დაე-ნამ სონგთან იუკოს უპირატესობა იკმარა და პირად რეიტინგს 200 ქულა შემატა, რაც ახალ რეიტინგ-სიაში ოთხი პოზიციით (აქამდე მე-12 ადგილზე იყო) დააწინაურებს.
ადამ ოქრუაშვილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე მასპინძელთა ჯილამ, ანდრეას ტოლცერმა არ აუშვა. მსოფლიოს რეიტინგის მეორეადგილოსანმა ვაზარ-იუკოთი იმარჯვა. ფინალამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: გერმანელი მატიას შმუნკი, მაროკოელი მეჰდი მალკი, პოლონელი იანუშ ვოინაროვიჩი და ტიტულოვანი იაპონელი კეიჯი სუძუკი. ამასთან, ოთხივეს იპონით გაუსწორდა.
ლევან ჟორჟოლიანსა (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილს (+100 კგ) სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ჟორჟოლიანმა ტაჯიკი მუხამადმუროდ აბდურახმანოვისა და აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვის ვაზარ-ვაზარ ძლევის შემდეგ, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერთან, ყაზახ მაქსიმ რაკოვთან საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე მიღებული შიდოთი წააგო. ხანჯალიაშვილს ნახევარფინალის გზა თავისზე ერთი თავით დაბალმა სამხრეთკორეელმა გუჰამ ჩომ გადაუკეტა, წმინდა გდებით. იქამდე, ქართველმა მძიმეწონოსანმა იპონ-იპონ ჩამოიცილა ჰოლანდიელი გრიმ ვუისტერსი და ბრაზილიელი დანიელ ერნანდესი.
დისკვალიფიკაციამოხდილი ნოდარ მეტრეველი აქტიურ სპორტს მსოფლიოს რეიტინგის 23-ე ნომრის, ბრაზილიელი ლეონარდო ლეიტეს ვაზარ-იუკოთი მოგებით დაუბრუნდა. მაგრამ მერვედფინალში რუს ზაფარ მახმუდოვთან ვეღარას გახდა. მეტრეველის მსგავსად, ზურაბ ზვიადაურიც ორჯერ გავიდა ტატამზე. არგენტინელ ჰექტორ კამპოსს ვაზარით გასცდა. უკრაინელ ვადიმ სინიავსკისთან კი ერთით მეტი გაფრთხილებით დამარცხდა.
ყველაზე სუსტად ქართული გუნდის წევრთაგან 81 კილოგრამში მოჭიდავეები გამოვიდნენ. ლევან წიკლაურმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა დიდ პრიზზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. წიკლაური ოცდამეთორმეტედფინალში ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკასთან საეჭვო იპონით დამარცხდა. ჭრიკიშვილისთვის კი დაუძლეველი ბარიერი გერმანელი ჰანეს კონრადი აღმოჩნდა.

ძიუდო
დიდი პრიზი
დიუსელდორფი
18-19 თებერვალი


60 კგ
1 ჟინ-მინ იანგი (სამხრეთ კორეა)
2 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
3 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
3 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)

66 კგ
1 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
3 მინ-ჰო ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)

73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
2 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)
3 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)
5 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

81 კგ
1 ოლე ბიშოფი (გერმანია)
2 ალენ შმიტი (საფრანგეთი)
3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)

90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა)
3 ივ მეტიუ დაფრევილი (საფრანგეთი)
3 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)

100 კგ
1 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
2 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
3 რამადან დარვიში (ეგვიპტე)
3 ზაფარ მახმადოვი (რუსეთი)
5 ლევან ჟორჟოლიანი (საქართველო)

+100 კგ
1 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3 კეიჯი სუძუკი (იაპონია)
3 გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა)
5 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო)

 

გუნდური ჩათვლა. კაცები
                             ო   ვ   ბ   V   VII

1 სამხრეთ კორეა          2    2    3    3    0
2 გერმანია                    2    0    1    1    0
3 საქართველო        1   1   1   3   0
4 რუსეთი                     1    0    1    0    0
5 ყაზახეთი                  1    0    0    0    0
6 მონღოლეთი             0    3    0    1    0
7 საფრანგეთი              0    1    3    3    0
8 იაპონია                     0    0    2    4    0
9 აზერბაიჯანი             0    0    1    2    0
10 ეგვიპტე                   0    0    1    0    0
10 ჰოლანდია               0    0    1    0    0
 


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.076824