საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ლაშა გუჯეჯიანმა ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რეპეშაჟის ნახევარფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან წააგო და ქართული გუნდისთვის 5-დღიანი ჩემპიონატის პირველი დღე უმედლოდ დასრულდა.
ძირითად დროში გუჯეჯიანმა და სილვამ იუკოები გაცვალეს, დამატებითში კი ბრაზილიელმა ვაზარი შეასრულა და “ბრინჯაოს ფინალში” ჭიდაობა გაინაღდა.
დამამშვიდებელ ეტაპზე ლაშა გუჯეჯიანი მეოთხედფინალიდან გადაერთო, იაპონელ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან წაგების შემდეგ. იქამდე კი უზბეკი აბდულო ტანგრიევი და სლოვენიელი მატიაშ სერაჟი ჩამოიცილა გზიდან.
მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილმაც მოირგო კიმონო, მაგრამ ერთადერთხელ – გერმანელ ანდრეას ტოლცერთან სამწუთნახევარი გაძლო.
100 კილოგრამში მოჭიდავე ირაკლი ცირეკიძემ უკრაინელ არტემ ბლოშენკოს და უზბეკ რამზიდინ საიდოვს კი აჯობა, მაგრამ მერვედფინალში კუბელ ორეიდის დესპაინთან ვეღარას გახდა და ჩემპიონატს უშედეგოდ დაემშვიდობა. ამავე წონაში ლევან ჟორჟოლიანმა ერთი ეტაპის გადალახვა მოახერხა. მოლდოველი სტანისლავ ჩერნეგას დამარცხების შემდეგ უზბეკ უტკირ კურბანოვთან წააგო.
ხვალ მედლები მამაკაცთა 81 და 90 და ქალთა 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ტატამზე ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი (90 კგ) გავლენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით ისევ გამთენიას დაიწყება და ჩემპიონ-პრიზიორები ნაშუადღევს გამოვლინდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე









