გუშინ, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია. ამ ტრაგიკული მოვლენის გამო, სფფ-ში არ წყდება სატელეფონო ზარები და ოფიციალური სამძიმრის წერილები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
დღეს დილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას სახელზე მოვიდა უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის სამძიმრის წერილი. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის პლატინი პოლონეთში, ვარშავაში, უეფას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმყოფება.
სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ რამაზ შენგელია იყო ინდივიდუალისტი ფეხბურთელი, ადამიანი, რომელსაც უყვარდა ეს სპორტი და რომელმაც შექმნა ევროპული ფეხბურთის ისტორია.
მიშელ პლატინი უეფას აღმასრულებელი კომიტეტისა და მთლიანად ევროპული საფეხბურთო ოჯახის სახელით, სამძიმარს უცხადებს სფფ-სა და რამაზ შენგელიას ოჯახს.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც რამაზ შენგელიასთვის უკანასკნელი პატივის მიგების მსურველ გულშემატკივრებს დააინტერესებთ:
პანაშვიდები გაიმართება 22 და 23 ივნისს (მისამართი: წერეთლის 55ა, მე-7 სადარბაზო)
სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 24 ივნისს, 12-დან 15 საათამდე სპორტის სასახლეში.
გამოსვენება – 24 ივნისს 15 საათზე.
დაკრძალვა – საბურთალოს სასაფლაოზე.
სფფ-ის პრესსამსახური









