ქართულმა საჭადრაკო კლუბმა “სამაიამ” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სტარტზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა შორის ადგილი დაიბევა. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ტურნირის ცენტრალურ შეხვედრაში ქართველმა ქალებმა ფავორიტად შერაცხულ “მონტე კარლოს” გასაქანი არ მისცეს და 2.5:1.5 დაამარცხეს.
პირველ ნომრად განთესილ მეტოქესთან დაპირისპირებაში, საყაიმო ანგარიშით ერთადერთი პარტია დასრულდა – მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ინდოელ ჰუმპი კონერუს მალევე დაუზავდა. სამწუხაროდ, მიჯრით მეორე შეხვედრა წააგო ლელა ჯავახიშვილმა. მას ჩინელმა იიფან ჰოუმ სძლია.
მოვლენათა ამგვარი განვითარების შემდეგ, “სამაიას” გამარჯვება ძნელი წარმოსადგენი გახლდათ, თუმცა, სალომე მელიამ და ნინო ხურციძემ იყოჩაღეს. მათ, შესაბამისად, სლოვენიელი ანა მუზიჩუკი და შვედი პია კრამლინგი დაამარცხეს და მონაკოელებს პირველი მარცხი აგემეს.
ამ წარმატების წყალობით, ქართულმა კლუბმა 4 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატზე სომხური “მიკასთან” და რუსულ “გიპრორეჩტრანსთან” და AVS-თან ერთად გალიდერდა. მესამე ტურში ცენტრალური “სამაიასა” და “მიკას” დაპირისპირება იქნება. ცნობისთვის, სომხური გუნდის ღირსებას ელინა დანიელიანი (2466), ლილიტ მკრტჩიანი (2484), ლილიტ გალოიანი (2373) და ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2515) იცავენ.
ევროპის მე-15 საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. პლოვდივი (ბულგარეთი). 16-24 ოქტომბერი
მე-2 ტური
“სამაია” (საქართველო, 4) – “მონტე კარლო” (მონაკო, 1) 2.5:1.5
მაია ჩიბურდანიძე (2500) – ჰუმპი კონერუ (2593) 0.5:0.5
იიფან ჰოუ (2578) – ლელა ჯავახიშვილი (2451) 1:0
სალომე მელია (2439) – ანა მუზიჩუკი (2535) 1:0
პია კრამლინგი (შვედეთი, 2509) – ნინო ხურციძე (2435) 0:1
AVS (რუსეთი, 2) – BAS (სერბეთი, 7) 3:1
“მიკა” (სომხეთი, 5) – “სანკტ პეტერბურგი” (რუსეთი, 3) 3:1
“გიპრორეჩტრანსი” (რუსეთი, 6) – “ოსლო” (ნორვეგია, 14) 3.5:0.5
“ვოლკსბანკ ჰალე” (გერმანია, 8) – “აშდოდი” (ისრაელი, 9) 2.5:1.5
“ფიშერ ჩიეტი” (იტალია, 10) – “კომარნო” (სლოვაკეთი, 13) 3:1
“ჰერცლია” (ისრაელი, 12) – “ლოკომოტივ 2000” (ბულგარეთი, 11) 2:2
სატურნირო მდგომარეობა
4 – “მიკა”, “გიპრორეჩტრანსი”, AVS, ”სამაია”;
2 – ”მონტე კარლო”, BAS, ”სანკტ პეტერბურგი”, ”ფიშერ ჩიეტი”, “ვოლკსბანკ ჰალე”;
1 – “ლოკომოტივ 2000”, “ჰერცლია”;
0 – “აშდოდი”, “კომარნო”, “ოსლო”;







