ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე ქალთა საჭადრაკო კლუბი “სამაიამ” პირველი გაამრჯვება იზეიმა. ქართველმა ქალებმა პირველ ტურში მოულოდნელად მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და ბულგარულ “ლოკომოტივ 2000”-ს 2.5:1.5 სძლიეს.
პირველ დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა (2351) შავი ფიგურებით ადრიანა ნიკოლოვასთან (2295) მოულოდნელი მარცხი განიცადა, ნინო ხურციძე (2435) დარენა სირკოვას (2094) დაუზავდა, მდგომარეობა კი სალომე მელიამა (2439) და ბელა ხოტენაშვილმა (2464) გამოასწორეს, რომელთაც შესაბამისად ივა ვიდენოვასა (2283) და მარია იანევას (2042) სძლიეს.
ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილი “სამაიას” ღირსებას, გარდა ხსენებული ოთხეულისა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეც (2500) იცავს, გუნდის კაპიტანია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ხოლო მწვრთნელი – ხვიჩა სუპატაშვილი.
მე-2 ტურში “სამაიას” მეტოქე პირველი რეიტინგის მქონე მონტე-კარლოს გუნდი იქნება, რომლის ღირსებასაც ინდოელი ჰუმპი კონერუ (2593), ჩინელი იიფან ჰოუ (2578), სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2535), შვედი პია კრამლინგი (2509) და ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო იცავენ. ”მონაკოელებმა” პირველ ტურში გერმანული “ჰალე” 4:0 გაანადგურეს.
ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად მიმდინარეობს, ქალთა ტურნირში კი სულ 14 კლუბი თამაშობს. შეგახსენებთ, რომ “სამაია”, სულ რაღაც ერთი წლის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით დაარსდა და შარშან, მაკედონიაში გამართულ ანალოგიურ ტურნირში, მესამე ადგილი დაიკავა.







