ჭადრაკი

10:20 | 5.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

სალომე მელიამ იურისტობას ჭადრაკი ამჯობინა

დასასრულს უახლოვდება 2010 წლის საჭადრაკო სეზონი, რომელიც საუკეთესო იყო 23 წლის ქართველი საერთაშორისო დიდოსტატის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ქალთა საჭადრაკო კლუბ “სამაიას” წევრ სალომე მელიასთვის.
სალომემ ეს სეზონი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოგებით დაიწყო, რის შემდეგაც, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დაიბევა ადგილი.
ხანტი-მანსიისკის საჭადრაკო ოლიმპიადიდან, მელიამ ერთბაშად 2 მედალი ჩამოიტანა - გუნდურში მოპოვებული ბრინჯაოს გარდა, სალომემ მე-3 დაფაზე ვერცხლი მიიღო.
პლოვდივის (პოლონეთი) საკლუბო ჩემპიონატზე მოასპარეზე “სამაიამ”, რომელიც მთლიანად ქართველი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული, სომხური “მიკას”, რუსული “გიპრორენჩტრანსისა” და რუსული AVS-ის დარად 9 ქულა დააგროვა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით სამივეს ჩამორჩა და მე-6 პოზიციას დასჯერდა. კლუბისგან განსხვავებით, ისევ გაგვახარა მელიამ, რომელმაც ამჯერადაც მე-3 დაფაზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ სალომე მელიას, საჭადრაკო ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა, ხოლო “სამაიას” შემადგენლობაში მეორედ იასპარეზა (მას არც დებიუტი ჰქონია ურიგო და მაშინ, თანაგუნდელებთან ერთად, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, “მსოფლიო სპორტს” სალომე მელიასთან დაკავშირების მიზეზი მრავლად ჰქონდა.
სალომე მელია: დავიბადე 1987 წლის 14 აპრილს, ქალაქ ბათუმში. განათლებით ვარ იურისტი. დასაოჯახებელი.
- ახერხებთ, რომ ჭადრაკი და იურისტობა ერთმანეთს შეუთავსოთ?
- ძალიან ძნელია იურისტობისა და ჭადრაკის ერთმანეთთან შეთავსება. არჩევანის წინაშე დავდექი და უპირატესობა ჭადრაკს მივანიჭე.
- აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, ხომ არ აპირებთ იურისტის პროფესიას დაუბრუნდეთ?
- იურისტობას არა, მაგრამ ახალი პროფესიის დაუფლებას ვაპირებ. ამ პროფესიის დასახელებისგან, ჯერჯერობით თავს შევიკავებ.
- დიდი ხანია, რაც ჭადრაკს თამაშობთ?
- 4-5 წლის ვიქნებოდი, როცა სვლები ვისწავლე და მას შემდეგ ვთამაშობ. მამა და ბაბუა იყვნენ მოჭადრაკეები. ჭადრაკს მამაჩემმა, გენადი მელიამ მაზიარა, ის იყო ჩემი პირველი მწვრთნელი.
- ამჟამად, ვინ არის თქვენი მწვრთნელი?
- პირადი მწვრთნელი არ მყავს, ინდივიდუალურად ვმეცადინეობ და ისე ვემზადები.
- არ გინდათ, პირადი მწვრთნელი რომ გყავდეთ?
- რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ მწვრთნელის დასაქირავებლად დიდი თანხაა საჭირო, რომელიც არ მაქვს.
- 2010 წელს მოპოვებული თქვენი ტიტულებიდან, რომელს გამოარჩევდით?
- მართალია, ამ წელს მოპოვებული ყველა მედალი პირველია ჩემს კოლექციაში, მაგრამ უპირატესობას, მაინც ოლიმპიადაზე მოპოვებულ ჯილდოებს ვანიჭებ. დიდ პატივს ვცემ საქართველოს ეროვნულ და ევროპის საკლუბო ჩემპიონატებს, მაგრამ ოლიმპიადა მაინც სულ სხვაა.
- ხანტი-მანსიისკის საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ჩვენი ქვეყნის ქლათა ნაკრები მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოდიოდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა. ოლიმპიადაზე გამოსვლას, თქვენ როგორ შეაფასებთ?
- იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ძნელია ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება, ჩვენი ნაკრების მიერ ბრინჯაოს მედლის მოპოვებას დადებითად ვაფასებ. ჩვენგან განსხვავებით, პრიზიორთა შორის ადგილები ვერ შეინარჩუნეს უკრაინისა და აშშ-ს ნაკრებმა გუნდებმა, რომლებიც დრეზდენის 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან.
- ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შესახებ რას გვეტყვით, სადაც “სამაია” მედლის გარეშე დარჩა?
- პლოვდივში უამრავი ფაქტორი იყო, რის გამოც მედლის გარეშე დავრჩით. ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდებიდან, “სამაია” ერთადერთი აღმოჩნდა, იმ ქვეყნის მოჭადრაკეებით რომ იყო დაკომპლექტებული, რომელსაც წარმოადგენდა. მოვუგეთ მომავალ ჩემპიონ “მონტე კარლოს” (მონაკო). მომდევნო შეხვედრაში იღბალი ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო ჩვენს მხარეს, უმედლოდ არ დავრჩებოდით.
- თავისუფალ დროს რას საქმიანობთ?
- მეგობრების წრეში ვუკრავ ფორტეპიანოსა და გიტარაზე.
- თქვენი უახლესი გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- ამჟამად ვისვენებ. მოწვევა მაქვს უცხოეთის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიდან, რომლებიც 2010 წლის დეკემბერში უნდა ჩატარდეს. ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, მაგრამ ერთ-ერთ მათგანში მონაწილეობას, აუცილებლად მივიღებ.

 

როლანდ ლაბუჩიძე

 

Loading...
0.152985