ფეხბურთი

13:41 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სალერის თასის” რჩეული გიორგი ხარაიშვილი – ტალანტი მარნეულიდან

ვინც “სალერის თასს” თვალს ადევნებდა, “საბურთალოს” 10 ნომერს აუცილებლად გამოარჩევდა. ამ ნახევარმცველის საუკეთესოობა არანაირ ეჭვს არ იწვევდა – სამი გოლი გაიტანა ტურნირზე, სამივე მნიშვნელოვანი და ერთი მეორეზე უკეთესი. ფინალშიც, პენალტების სერიაში გადამწყვეტი ბურთი მიითვალა. ტექნიკა, სისწრაფე, დარტყმა: ყველაფერი აქვს არსენალში. “საბურთალოს” კაპიტანია,  1996 წელსაა დაბადებული და გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მუდმივად თამაშობდა, წლეულს შემოდგომაზე კი 19-წლამდელებში მოუწევს გამოსვლა.

“მსოფლიო სპორტი” გიორგი ხარაიშვილს გაესაუბრა:

-       ტურნირის შეფასებით დავიწყოთ, რომელშიც “საბურთალომ” “ატლეტიკოს” “დნიპროსა” და “მაკაბის” სძლია და “სალერის თასი” მოიგო.

-       მესამედ გაიმართა ეს ტურნირი და სამივეჯერ ჩვენ მოვიგეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ალბათ, გაისად უფრო ბევრი უცხოური გუნდი ჩამოვა. ბიჭებმა არაფერი დავაკელით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და საბოლოოდ, ჩემპიონებიც გავხდით.

-       “ატლეტიკოს” სახელი არ მოქმედებდა თქვენზე?

-       ფინალის წინ ცოტა ვნერვიულობდით. მინდორზე უფრო გამოჩნდა “ატლეტიკოს” ძალა. ტრიბუნიდან როცა ვუყურებდით, ასეთი მაგრები თითქოს არ ჩანდნენ, მაგრამ მინდორზე სხვანაირად იყო. ძალიან ძლიერები არიან, თუმცა მაინც მოვუგეთ და გავიხარეთ.

-       “ატლეტიკო” რომელ კომპონენტებში გჯობდათ?  

-       ბურთის ფლობაში და კიდევ, უბრალოდ თამაშში. ქართველებს ცოტა გვიჭირს უბრალოდ თამაში.

-       როგორც ვიცით, უცხოური კლუბების სკაუტებს მოსწონებიხართ. კონკრეტულად გვითხარით.  

-       გავიგე “ლივერპულისგან” დაინტერესებაზე. თავად ინგლისელებს უთქვამთ ჩემზე, ტაბიძეზე და თევზაძეზე. მეტი არაფერი ვიცი კონკრეტულად.

-       თავიდანვე “საბურთალოში” დადიოდით?  

-       მარნეულში ვარ დაბადებული და ახლაც იქ ვცხოვრობ. თავიდან მარნეულში დავდიოდი ფეხბურთზე, შემდეგ თბილისში, “ოლიმპში”. იქიდან გადმოვედი “საბურთალოში”. “ოლიმპში” შოთა ჭეიშვილი მწვრთნიდა, “საბურთალოში” კი ჯერ გიორგი მიქაძე, შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილი, გიორგი დევდარიანი და ახლა თემურ შალამბერიძე. განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჭეიშვილისა და ასევე, გოჩა ზაქარიაძის, რომელიც თბილისიდან ჩამოდიოდა მარნეულში და მავარჯიშებდა. 

-       საფეხბურთო ოჯახიდან ხართ?

-       დიახ. მამაჩემი ფეხბურთელი იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და მალევე მოუწია თავის დანებება. ფეხბურთი მამამ შემაყვარა. უმცროსი ძმა მყავს, რომელიც ასევე “საბურთალოში” თამაშობს. 12 წლისაა.

-       მარნეულში რაიმე პირობები იყო ფეხბურთის მხრივ?

-       ძალიან ცუდი. ძნელია, იქ განვითარდე. სხვა გზა არაა, თბილისში უნდა წამოხვიდე. ბავშვობისას, მარნეულში როცა დავდიოდი ფეხბურთზე, დღეში ორ მატჩს ვთამაშობდი: ჯერ თანატოლებში, შემდეგ კი 2 წლით უფროსებში.

-       თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი ვინაა?

-       ადრე ზიდანი იყო, თანამედროვეებიდან კი ლამპარდი. “ჩელსი” მომწონს, ნაკრებებიდან კი ბრაზილია. ევროპაში ინგლისს ვქომაგობ.

-       ქართველი ფეხბურთელებიდან?

-       გიორგი ქინქლაძე. მართალია, ტრიბუნიდან არ მინახავს მისი თამაში, მაგრამ ვიდეოთიც საკმარისია მიხვდე, რა დონის ფეხბურთელიც იყო.

-       მინდორზე საუკეთესო პარტნიორი ვინ გყავთ? შეგიძლიათ გამორჩევა?

-       ბევრის დასახელება შემიძლია, მაგრამ მაინც გამოვარჩევდი: გიორგი ხორხელი და გიორგი თევზაძე.

-       პირველ ლიგაში თავიდან არ თამაშობდით. ტრავმა გქონდათ?

-       დიახ. მუხლი მტკიოდა და ვმკურნალობდი.

-       ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს 10-15 წლით უფროსების წინააღმდეგ თამაში არ გიჭირთ?

-       ბრძოლაში დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ჭაბუკთა ლიგაში როცა ვთამაშობდით, იქ ისეთი მაღალი დონე არ იყო, როგორც პირველ ლიგაშია. ჭაბუკთა ლიგაში კლასის ხარჯზე შეგეძლო უპირატესობის მოპოვება, ახლა კი უნდა იბრძოლო. არაერთი მატჩი მოსაგები გვქონდა, მაგრამ ძალა არ გვეყო. თანდათან ვვითარდებით. დიდ საქმეს აკეთებს “საბურთალოს” ხელმძღვანელობა და მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ყველაფერია საიმისოდ, რომ ფეხბურთელად გაიზარდო. სეზონის წინ ორი შეკრება გვქონდა. თანაც უფასოა ყველაფერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო “სალერის თასი”, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაში რამხელა სკოლა იყო ჩვენთვის... 

-       17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდით. შარშან საკვალიფიკაციო ეტაპიდან გახვედით, წლეულს კი ელიტ-რაუნდზე, ავსტრიაში ერთი გოლი დაგაკლდათ ფინალურ ეტაპამდე. გაიხსენეთ ეს თამაშები.

-       სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. ბოლო ტურში ავსტრიას ვხვდებოდით და საშინელ პირობებში ვითამაშეთ. ამინდიც არ გვიწყობდა ხელს და ტექნიკურ ფეხბურთს ვერ ვთამაშობდით. თავიდან ორი გოლი გავუშვით, მერე კი უპირატესობა მოვიპოვეთ, ზარანდიამ გაიტანა და ბოლო წუთზე ტაბიძეს ცოტა დააკლდა – ძელს მოარტყა ბურთი. ის გოლი რომ გასულიყო, ფინალურ ეტაპზე ვითამაშებდით. უიღბლობა იყო.

 

გოლი ფინალში

http://www.youtube.com/watch?v=AEbkaScVsug

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139895