საქართველოს კრივის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს ჩატარებულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე დელეგატებმა თავიანთი არჩევანი ვეტერან მოკრივეზე, დავით კვაჭაძეზე შეაჩერეს.
შეგახსენებთ, კრივის ფედერაციაში რიგგარეშე ყრილობა რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე ცისკარიშვილმა, თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა. მათგან ერთ-ერთმა, გიორგი კანდელაკმა გადაწყვეტილება სწრაფადვე შეცვალა და იმის მიუხედავად, რომ კრივის ფედერაციაში განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდა, 28 ნოემბერს კანდიდატურა მოხსნა. დარჩნენ კვაჭაძე და ვლადიმერ ახალკაცი. ეს უკანასკნელი, კრივის ფედერაციაში გენერალურ მდივნად მუშაობდა. დღევანდელი ყრილობა, სწორედ ახალკაცის მოხსენებით გაიხსნა.
“არჩევნებში, სადაც დავით კვაჭაძე მონაწილეობს, ჩემი კანდიდატურის წამოყენების არანაირი სურვილი არ მაქვს. ამ კაცმა ქართულ კრივში მთელი ეპოქა შექმნა და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის რანგშიც მშვენივრად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. კანდიდატურას ვხსნი, რადგან ქართული კრივი მიყვარს და მის ერთგულ ადამიანად ვრჩები. ვულოცავ დავით კვაჭაძეს ფედერაციის პრეზიდენტობას”, – განაცხადა ახალკაცმა და დამსწრეთ სთხოვა, რახან ერთადერთი კანდიდატი გვყავს, ღია კენჭისყრა ჩავატაროთო.
ამ წინადადებას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ზუსტად ერთ წუთში კი, ასევე ერთსულოვნად აირჩიეს ახალი წინამძღოლი.
“მადლობა ნდობისთვის და ასეთი მხარდაჭერისთვის. ყოველთვის ამ ოჯახის წევრი ვიყავი, მაგრამ იყო წლები, როდესაც ცოტა გვერდზე დგომა მიწევდა. წინა ხელისუფლებამ ბევრი ღირსეული სპორტსმენი ჩამოაშორა სპორტს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ცუდი დრო ისტორიას ჩაბარდა. ქართული კრივის განსავითარებლად, პირველ ყოვლისა, ამ სახეობის მაქსიმალურ პოპულარიზაციაზე უნდა ვიზრუნოთ. აუცილებლად უნდა მივიღოთ დაფინანსება, რათა რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის სპორტული დარბაზი გავხსნათ და მეტი ბავშვი მოვიზიდოთ. კრივი, ძირითადად, ხელმოკლე ოჯახების სახეობაა და არავითარ შემთხვევაში გადასახადები არ უნდა არსებობდეს. აუცილებლად მოვივლი ყველა რაიონს და შევხვდები ხელმძღვანელობებს. ვეცდები, ამ საქმეს თავი წარმატებულად გავართვა”, – აღნიშნა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სამადლობელ კომენტარში.
დავით კვაჭაძემ ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად შუქრი ბურჭულაძე დაასახელა, გენერალური მდივნის თანამდებობაზე კი ვლადიმერ ახალკაცი დატოვა. იქვე, პირობა დადო, რომ ფედერაციის თანამშრომლებს, სამსახურის დაკარგვის საფრთხე არავითარ შემთხვევაში არ ემუქრებათ, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს.
“ეროვნული გუნდის მწვრთნელები მუშაობას ძველებურად გააგრძელებენ და შემდეგ, პროცესში გამოჩნდება, როგორ გაართმევენ თავს თავიანთ საქმეს. ამ ეტაპზე, მათთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი ნამდვილად არ განიხილება”, – განაცხადა დავით კვაჭაძემ.
შუქრი ბურჭულაძე: „კრივზე ბავშვობიდან დავდიოდი. პროფესიონალურ დონეს ვერ მივაღწიე, მაგრამ ახლაც დავდივარ, მთელი ჩემი ცხოვრება დავდიოდი და მოკრივე ვიყავი.
დღესდღეობით, ჩვენი კრივი იმყოფება ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ძალიან მიხარია, რომ ბატონი დავით კვაჭაძე ავირჩიეთ პრეზიდენტად. ორი წელია, რაც ფედერაციაში ვარ. მანამდე ვიყავი თბილისის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, ახლა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ვარ და ჩვენ ერთად ვაპირებთ კრივის ფეხზე წამოყენებას – კრივი ჯერ აღდგეს საქართველოში და შემდეგ, ისევ გვასახელებს საქართველოს საზღვრებს გარეთ.
კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია ბავშვთა უფასო სკოლების ჩამოყალიბება, გიპახუხებთ, რომ რეალურია. ეს იყო მანამდეც, შემდეგ შეწყდა და ახლა, ჩვენ აღდგენას ვაპირებთ“.
ოთარ მაღლაკელიძე







